სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

3:01 | 19.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ სვანაძე: "ჩვენს შორის ძალიან დიდი სხვაობაა და მარცხი ლოგიკურია"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ გერმანიასთან მარცხის (0:2) შემდეგ ისაუბრა.

კომენტარი ასევე გააკეთეს ფეხბურთელებმა - ლუკა ლაცაბიძემ და დავით ბუკიამ.

რამაზ სვანაძე: "ყველაფერი ლოგიკურია, ძალიან დიდი სხვაობაა დღეს ჩვენს შორის, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ გერმანიის და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებებს. ძალიან გაგვიჭირდა, რაც ვიცოდით. ჩემი ფეხბურთელები მაქსიმუმს აკეთებენ, დღესაც ასე იყო, დაცვით ფაზაში რა დავალებებიც მივეცით, ეცადნენ და ნორმალურად შეასრულეს. თუმცა, სერიოზული პრობლემები გვქონდა ბურთის ფლობაში, განსაკუთრებით შეტევაში, ამ მხრივ, სამუშაო ძალიან ბევრია. ნებისმიერი დანაკლისი, თუნდაც ერთი ფეხბურთელები იყოს, ჩვენთვის უდიდესია. ძალიან რთული იყო პროცესში ამ ყველაფრის შეცვლა, რადგან წინა შეკრებებზე, დაცვასა და საყრდენ ზონაში სულ სხვა ფეხბურთელები თამაშობდნენ, ისინი ყველაზე მთავარ მატჩებში გამოგვაკლდნენ. თუმცა, იმ ბიჭებზე საპრეტენზიო არაფერი მაქვს, ვინც მათ ცვლიან, ყველაფერს აკეთებენ, რომ მივიღოთ ის შედეგი, რაც ყველას გვინდა. სამწუხაროდ, ამ თაობას მთლიანად გაუცდა 17-წლამდე შესარჩევი პანდემიის გამო, ორი წელი გაჩერებულები იყვნენ. შემდეგ 19-წლამდელებში ძალიან ცოტა თამაშის ჩატარება მოუწიათ, რომელიც გამოცდილების არქონის გამო, რეალურად წარუმატებელი პერიოდი იყო. ისინი დარჩნენ საერთაშორისო პრაქტიკის გარეშე და ასეთ დონეზე საერთაშორისო პრაქტიკის გარეშე თამაში წარმოუდგენელია. ამ ყველაფერს ეტაპ-ეტაპ, შეკრებიდან შეკრებამდე ახლა გავდივართ".

ლუკა ლაცაბიძე: "ძალიან რთული თამაში იყო, ვიცოდით, რომ გერმანია ძალიან ძლიერი იყო. ჩვენი მხრიდან ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ ვფიქრობ, ეს არ არის, ჩვენი მაქსიმუმი და მეტი შეგვიძლია. ახალი წლიდან და ახალი სეზონიდან პირობას ვდებ, რომ უფრო მეტს გავაკეთებთ. საბერძნეთთან კოჭი დავიზიანე, ძალიან მინდოდა გერმანიასთან თამაში, მაგრამ ფეხმა ხელი შემიშალა და გუნდს გამოვაკლდი".

დავით ბუკია: "შეკრებას დადებითად ვერ შევაფასებ, რადგან არ გვქონდა ის შედეგები, რაც დავგეგმეთ, მაგრამ ვეცდებით, რომ მომდევნო შეკრებაზე ვიმუშაოთ იმ შეცდომებსა და დავალებებზე, რისი გაკეთებაც არ გამოგვივიდა და ვეცდებით, რომ მომდევნო შეკრებებზე უკეთ ვითამაშოთ".

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს ხუთ ტურში (პირველი წრის შემდეგ) მხოლოდ 5 ქულა აქვს, რითაც მეოთხე ადგილზეა. ჯგუფს უდანაკარგოდ, 15 ქულით საბერძნეთი ლიდერობს, გერმანიას 12 ქულით მეორე ადგილი უკავია. ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატზე პირდაპირ მხოლოდ პირველადგილოსანი გადის, მეორეადგილოსანი ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098663