ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელმა გეორგი რუსევმა საქართველოს ნაკრებთან გამარჯვების (2:1) შემდეგ ისაუბრა.
ფეხბურთელმა, რომელმაც შეხვედრაში ანგარიში გახსნა, იმედი გამოთქვა, რომ კიდევ ბევრ გოლს გაიტანს:
"ჩემთვის ძალიან განსაკუთრებული მატჩი გამოვიდა, ეს არი იყო პირველი გოლი ნაკრებში, არამედ მეორე. იმედი მაქვს, კიდევ ბევრს გავიტან და ისინიც ისეთივე ლამაზი იქნება, როგორც ეს. შეტევა საერთო ჯამში ულამაზესი იყო. მყარად უნდა დავდგეთ მიწაზე, ეს არაფერს ნიშნავს, შეუპოვრობა და კარგი თამაში მეტ გამარჯვებას მოიტანს. ყოველთვის სასიამოვნოა, როცა იმარჯვებ. დიდი ხანია 2:0 ანგარიში არ წაგვიყვანია და თანაც, ისეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც საქართველოა. მეორე ტაიმში უკან დავიხიეთ. ბევრი რამ უნდა გავაუმჯობესოთ, ყველა ასპექტში. ხედავთ, სად თამაშობენ ქართველი ფეხბურთელები. როდესაც ამ დონეს მივაღწევთ, საუკეთესოებთან ბრძოლას შევძლებთ", - თქვა რუსევმა.
შესარჩევი ეტაპი საქართველოს ნაკრებმა 3 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა (1 მოგება, 5 წაგება). ბულგარეთს, რომელსაც ასევე 3 ქულა აქვს, მხოლოდ ბურთების ბალანსით აჯობა. მომდევნო სანაკრებო პაუზამდე დიდი დროა, მარტში საქართველოს ნაკრებს ამხანაგური მატჩების ჩატარება მოუწევს.









