საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში მასპინძელ ჩეხეთს 26:7 სძლია და ფინალში ზედიზედ მეათედ ითამაშებს.
პრაღის „მარკეტა სთედიუმზე“ მასპინძლებმა დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიეს და მატჩის დებიუტშივე დაწინაურდნენ, თუმცა სტუმრებმა საპასუხოდ 4 ლელო გაიტანეს (კიდევ 2 მსაჯმა გაგვიუქმა) და 22 ნოემბერს ფინალში ესპანეთს შეერკინებიან, რომელმაც თავის მხრივ ნიდერლანდებს 52:0 სძლია.
მატჩის დებიუტში რეფერიმ ზედიზედ 4-ჯერ დაგვაჯარიმა და ერთ-ერთ ეპიზოდში ლუკა წიკლაური სინბინით დაისაჯა (10-მეტრიანი წესის დარღვევისთვის). მე-5 წუთზე ჩეხებმა 5-მეტრიანი დერეფნიდან მეორედ ააგორეს მოლი და მისი ჩაქცევისთვის საჯარიმო ლელო მივიღეთ, რასაც თან ნიკოლოზ ჩხორთოლიას სინბინიც დაერთო და მოედანზე გარკვეული დროით 13 კაცის ამარა დავრჩით.
ასეთ სიტუაციაშიც კი დავით არობელიძემ ჩვენს 22-ში გაჭრა ხაზი, თითქმის მთელი მეტოქის დაცვა მოატყუა და უკვე ჩეხეთის 22-ში ის ბოლო მცველმა შებოჭა. იერიში ლუკა შულაიას მიძალებით გაგრძელდა და შემდეგ ფაზაში ლელო მაინც გავიდოდა, მაგრამ ლუკას კონტაქტისას ბურთი დაუვარდა. ამასობაში გასინბინებული მოთამაშეებიც დაბრუნდნენ, დერეფნიდან კარგი შეტევა განვახორციელეთ, ფრთაზე ლუკა ტაბატაძემ მბოჭავი ცრუმოძრაობით ჩამოიცილა და საპასუხო ლელო გაიტანა. ლევან ბუცხრიკიძემ გარდასახვით წონასწორობა აღადგინა.
მე-18 წუთზე კარის წინ 22 მეტრიდან ბურთი აუტში გადავიტანეთ, დერეფნიდან აგორებული მოლით დაახლოებით 7 მეტრი ვიარეთ და ლუკა წიკლაურმა ლელოთი დაგვაწინაურა, ბუცხრიკიძემ კი გარდასახა. 24-ე წუთზე მასპინძლებმა ჯარიმით სცადეს ჩამორჩენის შემცირება, მაგრამ დარტყმა არაზუსტი იყო. ორიოდე წუთში დათა ახვლედიანმა შეუტია და ძელებსშუა ბურთი ლელოსაც მიაწვდინა, თუმცა საქმეში ვიდეო-რეფერი ჩაერთო და მასზე ორმაგი მოძრაობა დააფიქსირა - 14:7.
მეორე ტაიმი 10 წუთის დაწყებული იყო, როდესაც შულაიამ 5-მეტრიანი შერკინებიდან შეუტია და ლელო წესების სრული დაცვით გაიტანა, მაგრამ მსაჯმა ბურთის ჩახურვა ბრძანა. რადგან ასე არაფერი გამოდიოდა, თამაშის განახლებისთანავე ლუკა ჭაკუამ თავად შეუტია, ხაზი გაჭრა, კიდევ ორ მცველს გვერდი აუარა და ლამაზი ინდივიდუალური ლელო გაიტანა. 55-ე წუთზე ჩეხები მათსავე ლელოსთან წნეხში მოვაქციეთ, შეცდომა დავაშვებინეთ, რაქიდან ბურთი გოგა უშვერიძემ აიტაცა და თანაგუნდელის დახმარებით სტუმართა მეოთხე ლელო გაიტანა. ჭაკუამ გარდასახა და საქართველომ 26:7 გაიმარჯვა.
2025 წლის 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი
პრაღა (ჩეხეთი). „მარკეტა სთედიუმი“
ნახევარფინალი. 18 ნოემბერი.
საქართველო - ჩეხეთი 26:7 (14:7)
საქართველო
ხაზი: 15. დავით არობელიძე (არმია), 14. ავთანდილ ზვიადაძე (აია), 13. გიორგი მუშკუდიანი (აია), 12. დათა ახვლედიანი (ლელო), 11. ლუკა ტაბატაძე (არმია), 10. ლევან ბუცხრიკიძე (ლელო), 9. გოგა უშვერიძე (აია);
შერკინება: 1. საბა მშვილდაძე (აია), 2. ლუკა წიკლაური (ხვამლი), 3. გიორგი ბერძენიშვილი (ტულონი, საფრანგეთი), 4. ანდრია ბილანიშვილი (ლელო), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე, საფრანგეთი, კაპ.), 6. გიორგი არძენაძე (ფოთი), 7. გიორგი ქევანიშვილი (აია), 8. ლუკა შულაია (ლელო).
მარქაფა: 16. გოჩა ფიცხელაური (ყაზბეგი), 17. ლუკა ბარბაქაძე (ხვამლი), 18. იაგო ღუდუშაური (ლოკომოტივი), 19. საბა გიორგიძე (ლელო), 20. მათე ბერუაშვილი (ლოკომოტივი); 21. ალექსანდრე გაგუა (ხვამლი), 22. გიორგი გაბუნია (ლელო), 23. გიორგი კეკელია (ლოკომოტივი), 24. მათე მახარაძე (ბათუმი), 25. ლუკა ჭაკუა (ლელო), 26. გიორგი ზაზაძე (ხარები).
მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი
4 ლელო: ტაბატაძე, წიკლაური, ჭაკუა, უშვერიძე
3 გარდასახვა: არობელიძე (2), ჭაკუა
2 სინბინი: წიკლაური, ჩხორთოლია
ესპანეთი - ნიდერლანდები 52:0
V-VIII ადგილებისთვის
პოლონეთი - პორტუგალია 12:46
ბელგია - გერმანია 39:47









