იამაიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი სტივ მაკლარენმა დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება 64 წლის სპეციალისტმა მსოფლიოს შესარჩევ ეტაპზე ნაჩვენები შედეგის გამო მიიღო.
იამაიკის ნაკრებმა ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე კურასაოს ნაკრებს ვერ მოუგო (0:0) და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ვერ მოახერხა, თუმცა ისინი მუნდიალზე გასვლას უკვე პლეი-ოფიდან შეეცდებიან.
"აქ მუშაობა ჩემთვის დიდი პატივი იყო, 18 თვის განმავლობაში საქმეში მთელი ჩემი გული ჩავდე, თუმცა ფეხბურთი შედეგებზეა დაყრდნობილი და სამწუხაროდ მიზანს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა იყო ვერ მივაღწიეთ.
ბევრი ფიქრის შემდეგ მივიღე ეს გადაწყვეტილება, რომ დავტოვო იამაიკის ნაკრები. ლიდერის პასუხისმგებლობაა წინ წავიდეს და მიიღოს გადაწყვეტილება გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა მაკლარენმა.
შეგახსენებთ, რომ იამაიკის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად პლეი-ოფში იასპარეზებენ, სადაც მონაწილეობას კონგოს, ბოლივიის ახალი კალედონიის, ერაყის და სურინამის ნაკრებები მიიღებენ.









