საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა საბა გოგლიჩიძემ ტრავმის გამო სანაკრებო შეკრება ნაადრევად დატოვა. მას უდინეში სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რომლის მიხედვით დადგინდა, რომ მისი დაზიანება სერიოზული არ არის, თუმცა "ბოლონიასთან" მისი თამაში მაინც საეჭვოა.
აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, მიუხედავად გამოკვლევების პასუხისა, "უდინეზეს" სამწვრთნელო შტაბი გარისკვას არ აპირებს და გოგლიჩიძე დიდი ალბათობით შაბათს, "ბოლონიასთან" გასამართ მატჩს გამოტოვებს.
საბა გოგლიჩიძემ დაზიანება ესპანეთთან მატჩის დროს მიიღო და მოედნის დატოვება ნაადრევად მოუწია. ახალგაზრდა ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში "უდინეზეს" მაისურით 7 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული.









