20 ნოემბერს, 99 წელი შეუსრულდებოდა თავისუფალ ჭიდაობაში პირველ ქართველ მსოფლიოს ჩემპიონს, ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორს, სახელოვან მოჭიდავეს ვახტანგ ბალავაძეს.
19 ნოემბერს ვახტანგ ბალავაძის საცხოვრებელი სახლის ფასადზე გაიხსნა მემორიალური დაფა. ლეგენდარული მოჭიდავე გაიხსენეს და მისი ღვაწლის შესახებ ისაუბრეს სპორტის სამინისტროს და ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებმა, ვეტერანმა მოჭიდავეებმა, სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებმა.
ლერი ხაბელოვი: „ვახტანგ ბალავაძე იყო არა მხოლოდ დიდი სპორტსმენი, პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, არამედ ასევე იყო დიდი პიროვნება, ქართული სპორტის ჭეშმარიტი მოღვაწე, მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს სპორტკომიტეტის ერთ-ერთ ხელმძღვანელი. მან მართლაც განსაკუთრებული კვალი დატოვა ჩვენი სპორტის ისტორიაში, როგორც გამორჩეული სტილის მოჭიდავემ, არაერთი ტიტულის, მათ შორის - ოლიმპიური მედლის მფლობელმა, ყურადღებიანმა და მზრუნველმა ხელმძღვანელმა, მთელ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ დაფასებულმა და აღიარებულმა პიროვნებამ."
ვახტანგ ბალავაძე დაიბადა 1927 წლის 20 ნოემბერს სამტრედიის რაიონის სოფელ ღანირში.
პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში (1954, ტოკიო), მეორედ მსოფლიო ჩემპიონი გახდა 1957 წელს (სტამბოლი), მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის (თეირანი, 1959) და ოლიმპიური თამაშების (მელბურნი, 1956) ბრინჯაოს პრიზიორი, რომის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1960), სსრკ ხუთგზის (1952, 1953, 1954, 1955, 1957) ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, სსრკ ჩემპიონი (1952) სამბოში და მეორე პრიზიორი (1951), ბუქარესტის ახალგაზრდობის I მსოფილო ფესტივალის (1953) ჩემპიონი, სსრკ ხალხთა I და II სპარტაკიადების მეორე პრიზიორი (1956, 1959), მრავალ საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული, ახასიათებდა ჭიდაობის თავისებური ლაღი, რაინდული სტილი, რისთვისაც მას ,, ჭიდაობის პროფესორი " შეარქვეს.
ვახტანგ ბალავაძე არის ავტორი წიგნებისა ,,ქართველი ფალავნები მსოფლიო და ოლიმპიურ შეჯიბრებებზე" (1961) , ,,ფალავნები ხალიჩაზე" (1968), თანაავტორია სახელმძღვანელოებისა ,,კლასიკური ჭიდაობა " (1965) და ,,თავისუფალი ჭიდაობა " (1970), დაჯილდოებულია ,, საპატიო ნიშნის" ორი ( (1972, 1976), ,,ხალხთა მეგობრობის " (1980), ღირსების (1996), ვახტანგ გორგასლის მე-2 ხარისხის (2002) ორდენებითა და სხვადასხვა მედლებით, ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოებულია ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის FILA -ას ოქროს ორდენით (1997), საქართველოში სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ორდენით (2006), ქ. თბილისის საპატიო მოქალაქე (1999), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1954 წელი), სსრკ დამსახურებული მწვრთნელი (1971 წელი), უმაღლესი კატეგორიის მსაჯი.
გარდაიცვალა 2018 წლის 25 ივლისს თბილისში.
GEONOC.ORG.GE









