თბილისის ‘ლელომ’ crocobet დიდი 10-ის მე-9 ტურის მეორე შეხვედრაში გათამაშების ლიდერი, ქუთაისის ‘არესი’ „აია არენაზე“ 12:5 დაამარცხა და „სარბიელის სინს“ დაეუფლა.
მიმდინარე სეზონში დიდ დიღმელებმა სინი უკვე მეორედ დაისაკუთრეს. ამასთან, მათ ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგეს და 21 ქულით მეოთხე ადგილზე დაწინაურდნენ.
‘არესმა’ სეზონში მეორე თამაში დათმო, ორივე „აია არენაზე“. მათ სამმატჩიანი გამარჯვებების სერია შეწყვიტეს, თუმცა მცირედი სხვაობით მარცხისთვის ნუგეშ-ქულა ერგოთ, რაც ლიდერობის შესანარჩუნებლად საკმარისი აღმოჩნდა. ქუთაისელებს ‘ბათუმის’ მსგავსად 33 ქულა მოუგროვდათ და ზღვისპირელებს ურთიერთშეხვედრებით სჯობნიან.
თამაში ორმხრივი შეცდომებით დაიწყო. პირველ ტაიმში ‘არესი’ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა და მე-15 წუთზე დაწინაურდა. 5-მეტრიანი დერეფნიდან აგორებული მოლი არსენ მაჩალაძის ლელოთი დასრულდა, თუმცა სანდრო ფურცხვანიძეს ჯერ გარდასახვა გაუცუდდა, მერე ჯარიმა. 27-ე წუთზე ფურცხვანიძისა და ცოტნე კვესელავას კარგი თამაშის შემდეგ ზაალ ცქიფურიშვილი ლელოში შევიდა, მაგრამ მცველებმა დამიწების საშუალება არ მისცეს. ტაიმის ბოლოს 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლი ‘ლელომ’ ააგორა და გიორგი მაისურაძემ ლელოთი წონასწორობა აღადგინა, გარდასახვა კი ძელმა აისხლიტა - 5:5.
მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა. სტუმრებმა შეძლეს ინიციატივის დაუფლება და ის ხელიდან აღარ გაუშვიათ. გაგა ქევხიშვილს თავისიანების დაწინაურება დებიუტში შეეძლო, მაგრამ გადაცემა ვერ შეიმაგრა. სამაგიეროდ 49-ე წუთზე 5-მეტრიანთან დანიშნული შერკინების შემდეგ, გიორგი სპანდერაშვილმა ქევხიშვილს მოკლე ფრთაზე შეატევინა და ამჯერად მან ყველაფერი ზუსტად შეასრულა, პეტრე ხუციშვილმა კი გარდასახა.
‘არესმა’ საპასუხოდ ჯარიმა არ დაარტყა და 5-მეტრიანი დერეფნიდან შეტევის შემდეგ რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვა. ყვითელი ბარათი ზურაბ გოთაიძემ მიიღო, მაგრამ კაცნაკლულმა ‘ლელომ’ თავი დაიცვა. დასკვნით 20 წუთში ფურცხვანიძეს და სტუმართა ფულბეკ ნიკა ხალვაშს ჯარიმები გაუცუდდათ, ანგარიში აღარ შეცვლილა და სტუმრებმა დაძაბულ მატჩში 12:5 გაიმარჯვეს.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლაშა ციხისთავი გახდა.
RUGBY.GE









