საქართველოს ეროვნული ლიგის 33-ე ტურში „დინამო თბილისმა“ „გაგრას“ უმასპინძლა, რომელთანაც 2:4 დამარცხდა.
სტუმრები საბა ზოიძემ დააწინაურა, რასაც თორნიკე მორჩილაძემ მალევე უპასუხა, მაგრამ ორ წუთში მათე ცინცაძემ „გაგრა“ მეორედ დააწინაურდა. მეორე ტაიმის სტარტზე დავით მუჯირმა სხვაობა გაზარდა, ხოლო შემდეგ დავით გოცირიძემ (1:4). ერთადერთი, რაც მასპინძლებმა შეძლეს, აბდულაიო იოროს გოლი იყო.
„დინამო თბილისი“ 55 ქულით მესამეა და „იბერიას“ შეხვდება, ხოლო „გაგრა“ 40 ქულით მეექვსე პოზიციას იკავებს და „გარეჯს“ დაუპირისპირდება.
კახური დერბი შედგა „გარეჯსა“ და „თელავს“ შორის, რომელიც ძალიან საინტერესოდ წარიმართა. გუნდებმა ერთმანეთს სამ-სამი გოლი გაუტანეს, შედეგად, ქულები გაიყვეს. მეორე წუთზე „თელავი“ მიხეილ ბაშალეიშვილის გოლით დაწინაურდა, რასაც ტაიმის მიწურულს ლევან პაპავამ და გიორგი გოგოლაშვილმა ორჯერ უპასუხეს - „გარეჯი“ დაწინაურდა. თუმცა, 45-ე წუთზე ბაშალეიშვილმა დუბლი გაიფორმა, შესაბამისად, ანგარიში გათანაბრდა. მეორე ტაიმის დასაწყისში ვალერი გაგუას გუნდი ბაჩანა არაბულმა დააწინაურა, მაგრამ „გარეჯი“ მარცხისგან თამაზ ცეცხლაძემ იხსნა.
„გარეჯი“ 34 ქულით მერვე ადგილზეა და მომდევნო ტურში „გაგრას“ შეხვდება, ხოლო „თელავის“ აქტივში 30 ქულაა და „დინამო ბათუმს“ დაუპირისპირდება.
„გარეჯი“ – „თელავი“ 3:3 (2:2)
გოლები: 0:1 ბაშალეიშვილი (2), 1:1 პაპავა (36), 2:1 გოგოლაშვილი (42), 2:2 ბაშალეიშვილი (45), 2:3 არაბული (53), 3:3 ცეცხლაძე (84)
„დინამო თბილისი“ – „გაგრა“ 2:4 (1:2)
გოლები: 0:1 ზოიძე (10), 1:1 მორჩილაძე (18, პენ), 1:2 ცინცაძე (20), 1:3 მუჯირი (47), 1:4 გოცირიძე (76), 2:4 იორო (88)





