crocobet დიდი 10-ის მე-9 ტურის მესამე მატჩში, თბილისის ‘არმიამ’ სტეფანწმინდის ‘ყაზბეგთან’ 13-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და 25:19 გაიმარჯვა.
„რაგბი პლატოზე“ გამართულ აუტსაიდერთა ჯახში სტეფანწმინდელებმა 19-ივე ქულა პირველ ტაიმში მოიპოვეს. ანგარიში ოთარ ტალახაძემ ჯარიმით გახსნა. მე-12 წუთზე ნიკა ბაბუნაშვილმა ლელო გაიტანა, ტალახაძემ კი გარდასახვის შემდეგ ჯარიმაც ზუსტად შეასრულა. ‘არმიამ’ იაგო გელაძის ლელოთი უპასუხა. 38-ე წუთზე ლევან ჭავჭავაძემ მასპინძელთა მეორე ლელო გაიტანა და მერლს პიტერსმა ერთი გარდასახვა გამოიყენა. ტალახაძემ ორივე ლელოს ჯარიმებით უპასუხა და ტაიმი 12:19 დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში მათე ჩქარეული სინბინით დაისაჯა და ‘არმიამ’ 10-წუთიანი რიცხობრივი უპირატესობა 10 ქულაში ასახა. პიტერსმა ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, 50-ე წუთზე ლაშა ბარბაქაძემ თბილისელები ლელოთი დააწინაურა და პიტერსმა გარდასახა,56-ე წუთზე კი მორიგი ჯარიმა გაიტანა - 25:19.
დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. მატჩის მიწურულს მსაჯმა არმიელთაგან თენგო გოგოლაშვილი და ვახტანგ ქვათაძე, ხოლო ‘ყაზბეგიდან’ ელდარ პატარაია გაასინბინა. საუკეთესო მოთამაშე ლაშა ბარბაქაძე გახდა.
‘არმიას’ 15 ქულა მოუგროვდა და მე-8 ადგილამდე დაწინაურდა. ‘ყაზბეგს’ ნუგეშ-ქულა ერგო, ჯამში 12 მოუგროვდა და’გორს’ გაუტოლდა, რომელიც ტურის მატჩს კვირას, 23 ნოემბერს ‘ხარებთან’ გამართავს. ამავე დღეს ‘ხვამლი’ ‘წიქარას’ ეთამაშება.
RUGBY.GE









