მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგის მე-13 ტურში სტუმრად „ელჩესთან“ ქულები დაკარგა.
ჩაბი ალონსოს მიმართ კრიტიკა იმატებს და ეს მატჩიც ვერ შევა მის აქტივში. „სამეფო კლუბი“ გამარჯვებას ვინ ჩივის, მარცხს გადაურჩა, რადგან ორჯერ აგებდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ალეშ ფებასმა „ელჩე“ დააწინაურა, რასაც დენ ჰუისენმა უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. 84-ე წუთზე „ელჩე“ ალვარო როდრიგესმა მეორედ დააწინაურა, მაგრამ მასპინძლებმა ისევ ვერ შეინარჩუნეს უპირატესობა - მადრიდელებმა ქულა ჯუდ ბელინგემის გოლით გადაარჩინეს - 2:2.
მადრიდის „რეალისთვის“ ეს ზედიზედ მეორე ფრეა ლა ლიგაში, მაგრამ ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს 32 ქულით. თუმცა, უნდა ითქვას, რომ „ბარსელონა“ უკვე მხოლოდ ერთადერთი ქულით ჩამორჩება.
„ელჩე“ – „რეალი“ 2:2 (0:0)
გოლები: 1:0 ფებასი (53), 1:1 ჰუისენი (78), 2:1 როდრიგესი (84), 2:2 ბელინგემი (87)









