ავტოსახელოსნოები, ანუ იგივე “პროფილაქტიკები” საქართველოში ერთობ უცნაური დაწესებულებებია. უცნაური არა თავისი შინაარსითა და მომსახურების კარგი თუ ცუდი ხარისხით, არამედ იერსახითა და იმ ადამიანებით, რომლებმაც ავტოსახელოსნოების ეს ჩვენი, მე ვიტყოდი, ჭეშმარიტად ჩვენი, ეროვნული სტილი შექმნეს, დაამკვიდრეს და განავითარეს.
როგორია ჩვენებური “პროფილაქტიკა?” როგორც წესი, ესაა მართკუთხედის ფორმის, მთლიანად ზეთსა და საღებავში ამოგანგლული უფანჯრებო ოთახი, სადაც ოთახის მსგავსად ასევე მაზუთში კოხტად ჩაბუჟბუჟებული კავკასიური გარეგნობის მამაკაცები მიდი-მოდიან, რომლებსაც კომბინიზონების ჯიბეში მათი ევროპელი კოლეგების მსგავსად, სულაც არ უწყვიათ ქანჩები და ჭანჭიკები, სახრახნისები და მილაკები. ჩვენებურ ხელოსანს ეს ყველაფერი არ ჭირდება, რადგან მას ყოველთვის ჰყავს დამხმარე ბიჭი, რომელსაც როგორც წესი სახელად სლავა ან არტიომა ჰქვია და რომელიც მზადაა, “ხაზეინის” ერთი დაძახილის შემდეგ, უმალ მოარბენინოს რაგინდარა სიდიდისა და ხარისხის ავტონაწილები თუ სამუშაო იარაღები.
ქართული ავტოსახელოსნოების კედლებზე, როგორც წესი, სპორტსმენებისა და ნახევრად ტიტლიკანა ქალების სიძველისაგან ჩამუქებული პლაკატები კიდია. რომელი დიადი ლეგენდა არ მინახავს ამ სახელოსნოების კედლებზე პელედან მარადონამდე და რედონდოდან ლეო მესიმდე. მინახავს ასევე მიხაილ შუმახერი თავის ხასხასა წითელი სამოსითა და ასევე წითელი “ფერარით”. საჩხერის სახელოსნოში მინახავს ოლიმპიური ოქროთი ყელდამშვენებული გიორგი ასანიძე და ლაშა ტალახაძე, სპორტსმენი ქალები ხომ საერთოდ ცალკე საკითხია, თავის მარია შარაპოვათი და ანა კურნიკოვათი.
თუმცა არის სულ ”სხვანაირი” ქალებიც. ამ ქალების უმეტესობა დღეს მსოფლიო სექს-ინდუსტრიის საპატიო პენსიონერები არიან და შვილიშვილებს (თუკი ჰყავთ) უცნაური ღიმილით უამბობენ წარსულის დიად და ქარიშხლიან ისტორიებს. მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენი სახელოსნების ბინადრებმა რასაკვირველია არ იციან და 28 წლის წინ სახელოსნოს კედელზე გაკრული ყელმოღერებული ასულები მათთვის ისეთივე მწყაზრად ლამაზები არიან, როგორც გაკვრის ჟამს იყვნენ.
ბოლო დროს ჩვენებურ ავტოსახელოსნოებში მოდაში შემოვიდა რელიგიური თემატიკა და კედლებზე ხატების გაკვრაც დაიწყეს. მაგრამ ხელოსნებმა კარგად უწყიან, რომ ხატი, ლეო მესი და ნიფხავშემოძარცვული ასულის ფოტო ერთ ოთახში ცოტა ”ვერლავესაა” და ამიტომ, ხატები ისე ოსტატურად აქვთ ერთ მიჭყლეტილ კუთხეში გაკრული, რომ იმ ადგილიდან ნიფხვისამარა ქალებს ვერასოდეს დაინახავთ. არადა იმ ქალების ფოტოების ჩამოსხნაც რომ არ უნდათ?! ეს ხომ უკვე ისტორიაა!
უამრავ თემაზე საუბრის მოსმენაა შესაძლებელი ქართულ ავტოსახელოსნოებში, დაწყებული იმით, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები “წესით“ მსოფლიოს ჩემპიონი უნდა იყოს, რომ არა მასონები და ფარდისმიღმელები და დამთავრებული იმით, რომ თურმე იგივე მასონებს სიგარეტი გამოუგონიათ,
რომელსაც თუ ერთ ნაფაზს დაარტყამ, მერე მთელი წელი კარგ ხასიათზე ხარ და პოლიციაც ვერ მოგედავება – რაიმე უკანონო გაგიფუილებიაო.
უამრავი ავტოსახელოსნო მინახავს და საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში, სადაც კი ჩავსულვარ, ვწვევივარ ამ დიად დაწესებულებებს, მაგრამ ყველაზე მეტად რაც დამამახსოვრდა და ალბათ არასოდეს დამავიწყდება, ესაა ყვარლის ავტოსახელოსნო. იქაურ ხელოსანს კედელზე არც ლეო მესი და მარადონას ფოტოები, არც ხატები ეკიდა, არც საცურაოტრუსიანი ქალები და თქვენ წარმოიდგინეთ, ის კაცი არც გლობალურ პილიტიკაზე და მსოფლიო შეთქმულებებზე ლაპარაკობდა. კედელზე არც მეტი, არც ნაკლები, ილია ჭავჭავაძის ფოტო ეკიდა (აი ის ფოტო, ილია ჭავჭავაძე თბილისში, ტილიპუჭურის დუქანთან რომაა გადაღებული, მაშინდელ გოლოვინის პროსპექტზე) და როდესაც ჩემი მეგობრის ავტომობილი გააკეთა, ილიას ფოტოსკენ ხელი გაიშვირა და ჩაილაპარაკა: “აბა ესა ქვეყანაა კაცო? ილია ზედსიძე უნდა ყოფილიყო და აგე ჩემი მეზობელი, გოგრა სერგო მილიანერი? აი, ეგაა საქართველო”.
ეგეთი უცნაური და მაგარი ხელოსანი ამის მერე აღარ შემხვედრია, თორემ, “მასონები რომ მოდიან და ჩვენი გადაგვარება რომ უნდათ”, ამაზე ჩვენში ხელოსნები კი არა, უკვე ხელისუფალნიც კი ლაპარაკობენ.









