თურქეთის სუპერლიგის მე-13 ტურში შოთა არველაძის "ქასიმფაშა" სტუმრად "ალანიასპორს" დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. "ქასიმფაშასთვის" ეს სეზონში მესამე გამარჯვება იყო და აღსანიშნავია, რომ სამივე მატჩი არველაძის გაწვრთნილმა გუნდმა სტუმრად მოიგო.
მატჩის შემდეგ შოთა არველაძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და შეხვედრა შეაფასა:
"სეზონში მესამე გამარჯვება მოვიპოვეთ და თანაც გასვლაზე. ამ შედეგის მისაღწევად ბევრი შრომა დაგვჭირდა. პირველი ნახევარი წავაგეთ და თამაშში დასაბრუნებლად სცენარის შეცვლა იყო საჭირო, რაც ფეხბურთელებმა იდეალურად შეასრულეს. ამ გამარჯვებამ მეტი თავდაჯერებულობა შეგვმატა, ვეცდებით ასეთი შედეგი დარჩენილ მატჩებშიც გავიმეოროთ და რაც შეიძლება მეტი ქულები დავაგროვოთ", - განაცხადა არველაძემ.
"ქასიმფაშას" 13 ტურის შემდეგ 13 ქულა აქვს და სუპერლიგის სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს არველაძის გაწვრთნილი გუნდი 29 ნოემბერს გამართავს და საკუთარ მოედანზე "ბაშაქშექირს" დაუხვდება.









