„უოტფორდის“ თავმჯდომარემ, სკოტ დაქსბერიმ კლუბის უახლოეს მიზნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იანვარში გიორგი ჩაკვეტაძეს არ გაყიდიან.
როგორც მან თქვა, ხავი გრასიას დაუდასტურეს, რომ კლუბი არ შეელევა შუა სეზონში არცერთ ფეხბურთელს, რომლებსაც მიზნების მიღწევაში დახმარება შეუძლიათ:
„როკო ვატა დაშავდა, მაგრამ გიორგი ჩაკვეტაძე შეიძლება ნებისმიერ წამს დაბრუნდეს. ხავი გრასიას ვუთხარით, რომ იანვარში არ გავუშვებთ არცერთ ფეხბურთელს, რომლის დაკარგვაც მას არ სურს. ეს ეხება ლუზას, ჩაკვეტაძეს და ყველას, ვისაც, ჩვენი აზრით, შეუძლია ჩვენი მიზნების მიღწევაში დახმარება. ჩვენი მიზნის შუა გზაზე ვართ და გვჯერა, რომ მას მივაღწევთ. ცხადია, თუ იქნება რაღაც განსაკუთრებული შემოთავაზება, რაც გუნდის გაუმჯობესებასა და უკეთესი მოთამაშის დამატებაში დაგვეხმარება, ამაზე ვისაუბრებთ, მაგრამ თანაბარ პირობებში არ გავყიდით არცერთ ფეხბურთელს, რომელთა დაკარგვაც არ გვინდა. გვინდა, ვიბრძოლოთ პრემიერლიგაში გადასასვლელად, გვაქვს ეს ვალდებულება აღებული და ვფიქრობ, ამ სეზონშივე შეგვიძლია. თუ ამისთვის, იანვარში მუშაობა საჭირო იქნება, ვიმუშავებთ", - განაცხადა დაქსბერიმ.
შეგახსენებთ, რომ „უოტფორდი“ ჯერჯერობით მე-11 პოზიციაზეა, თუმცა პლეი-ოფის ზონასთან ორი ქულა აშორებს. გიორგი ჩაკვეტაძეს აპრილის შემდეგ არ უთამაშია, ის ვარჯიშობს, მაგრამ როდის იქნება სათამაშოდ მზად, ჯერ ისევ უცნობია.









