„მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ოპერატორს, რომელსაც „ნიუკასლთან“ მატჩის შემდეგ ეჩხუბა, ბოდიში მოუხადა.
როგორც ესპანელმა მწვრთნელმა აღნიშნა, რცხვენია, როდესაც ამ კადრს უყურებს, რადგან ფიქრობს, რომ ძალიან ცუდად მოიქცა.
„როდესაც ამ კადრს ვხედავ, უხერხულად და შერცხვენილად ვგრძნობ თავს. ოპერატორს მაშინვე ბოდიში მოვუხადე. მე ის ვარ, ვინც ვარ - 1000 თამაშის შემდეგაც კი, იდეალური ადამიანი არ ვარ. დიდ შეცდომებს მაინც ვუშვებ. ამისთვის გვერდის ავლა შეუძლებელია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი გუნდი დავიცავი და ამას გავაგრძელებ. მიზეზი, რის გამოც ვიგრძენი, რომ ეს უნდა გამეკეთებინა, არის ის, რომ ჩემი გამოცდილებით, პრემიერლიგის მოსაგებად თითქმის 100 ქულა უნდა დააგროვო, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგებას ვერ შეძლებ. მე ისეთი ადამიანი ვარ, რომელიც ემოციებშია ჩაფლული, რომელიც სათადარიგო სკამზე ნერვიულობს“, - თქვა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლა „ნიუკასლთან“ მარცხის (1:2) შემდეგ ძალიან გაბრაზებული იყო, ჯერ ბრუნო გიმარაეშთან იკამათა, შემდეგ ოპერატორთან, თუმცა რა უთხრა მას, უცნობია.









