ჩოგბურთის ლეგენდამ რაფაელ ნადალმა, რომელმაც კარიერა შარშან დაასრულა, მნიშვნელოვანი გზავნილი გაუზიარა 18 წლის „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ნიჭიერ გარემარბს ლამინ იამალს.
„მისთვის მნიშვნელოვანია, იმ ადამიანების გარემოცვაში იყოს, რომლებსაც გულწრფელად სურთ მისი დახმარება და ჰქონდეს სიბრძნე, რათა მოისმინოს ის, რისი მოსმენაც წარმატებულ სპორტსმენებს ხშირად უჭირთ“, - ციტირებს Mundo Deportivo ნადალის სიტყვებს.
ყოფილი ჩოგბურთელის თქმით, იამალს სჭირდება ისეთი ადამიანების გვერდით ყოფნა, რომლებიც მზად არიან სიმართლე უთხრან, თუნდაც ეს ყოველთვის სასიამოვნო არ იყოს.
ნადალმა ასევე ხაზი გაუსვა პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ახალგაზრდა მოთამაშის „რეალობასთან ურყევი და მტკიცე პოზიციის დაკავების“ მნიშვნელობას, მიუხედავად მისი მზარდი პოპულარობისა და მედიის ზეწოლისა.









