„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ლონდონის „ტოტენჰემთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
თუმცა, სანამ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებდა, მაგრამ პსჟ-ს ტელევიზიასთან გააკეთა მოკლე კომენტარი, სადაც აღნიშნა:
„ჩვენთვის ევროპის სუპერთასზე რთული თამაში (ტოტენჰემთან) იყო, ეს გახლდათ სეზონის პირველი მატჩი და გაგვიჭირდა, რადგან მხოლოდ ერთი კვირა ვვარჯიშობდით. თუმცა, მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ და ფინალში გავიმარჯვეთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ახლა უფრო მეტად ვართ მზად, რადგან თითქმის ნახევარი სეზონი გავიდა. ხვალინდელი მატჩისთვის მზად ვართ. რა თქმა უნდა, საოცარი ფანების წინაშე თამაში ჩვენთვის პრივილეგიაა, სახლში თამაში ყოველთვის გვიხარია“.
პრესკონფერენციაზე კვარაცხელიამ სხვადასხვა თემაზე ისაუბრა:
მატჩი
„ტოტენჰემის“ წინააღმდეგ დიდი მატჩი გველის. ჩემპიონთა ლიგა ყოველთვის განსაკუთრებულია. ამ სეზონში უკვე ვითამაშეთ მათ წინააღმდეგ, ევროპის სუპერთასზე. რთული მატჩი იყო, მაგრამ მოვიგეთ. ხვალ ყველაფერი სხვაგვარად იქნება, ეს სხვა შეჯიბრია და კარგად მოვემზადეთ, გუნდი კარგ ფორმაშია და მოუთმენლად ველით მას.
ბაიერნის შემდეგ
„ბაიერნთან“ რთული მატჩი იყო და შედეგმა იმედი გაგვიცრუა. გვაქვს შესაძლებლობა, სახლში გამარჯვებების გზას დავუბრუნდეთ და სწორედ ეს გვინდა „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ. თუმცა, ეს არის გუნდი, რომელიც კარგად უტევს და იცავს თავს, ისინი ძალიან სწრაფები არიან შეტევაში. ისინი ჩვენს წინააღმდეგ 2:0 იგებდნენ, ჩვენ კი ანგარიშის გათანაბრება და პენალტებში მოგება მოვახერხეთ, მაგრამ ვიცით, რომ ახლაც რთული მატჩი იქნება.
„პარკ დე პრენსი“
გვიყვარს სახლში თამაში, ჩვენთვის პრივილეგიაა ჩვენი გულშემატკივრების წინაშე თამაში. „პარკ დე პრენსზე“ თამაში ყოველთვის სიამოვნებაა და მოუთმენლად ველით.
ჟოანო ნევეში
„ის ამჟამად ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. მართალია, ბევრ გოლს იტანს. ყველას ერთად გამარჯვება გვინდა, ამიტომ გოლის ავტორის სახელს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, ის ბევრს იტანს და ეს შესანიშნავია.
მისი პროგრესის ასპექტები
მჯერა, რომ ჯერ კიდევ შემიძლია გაუმჯობესება და ბევრ ასპექტზე მუშაობა. ამას ვაკეთებ ყოველდღე. შემიძლია მეტი გოლი გავიტანო, კიდევ უფრო მეტი წვლილი შევიტანო, უფრო მეტი საგოლე პასი გავაკეთო და უფრო სტაბილური გავხდე. თუმცა, ყოველდღე ვცდილობ, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია წარმოვაჩინო.
დაცვითი უნარები
არა მგონია, ადრე ასეთი ვყოფილიყავი. უფრო შეტევაზე ვიყავი ორიენტირებული, მაგრამ აქ ვისწავლე, რომ მთელი გუნდი ერთმანეთთან უნდა იყოს დაკავშირებული. მწვრთნელის წყალობით, ეს ახალი ასპექტი ვისწავლე, რომელიც ახლა ჩემი ნაწილია.
მარკინოსი
ის გამორჩეული ლიდერია, შესანიშნავი ადამიანი. ყოველდღე და ყოველ ვარჯიშზე ის ყველას მოტივაციას აძლევს. ის შესანიშნავი კაპიტანია, შესანიშნავი მოთამაშე, რომელიც კლუბში ისტორიას ქმნის.
ახალგაზრდები
ეს ახალგაზრდები წარმოუდგენლები არიან. ისინი ბევრს და კარგად მუშაობენ. ზოგჯერ ვერც კი იჯერებ, რომ ისინი 16 -17 წლის არიან. მათ სწავლა სურთ, ისინი ახერხებენ თავიანთი დონის ამაღლებას. პარიზში საოცარი აკადემიაა და ვიცით, რომ ბევრი მათგანი მომავალში ძალიან კარგი მოთამაშე გახდება.
პოზიციაზე
ყველამ იცის, რომ მე მომწონს მარცხნივ თამაში. მაგრამ ფეხბურთში ადაპტაცია უნდა შეგეძლოს. კარგია, როცა შეგიძლია მარცხნივ ან მარჯვნივ თამაში.
ლიგა 1-ის დონეზე
შემიძლია ვთქვა, რომ ეს ლიგა რთულია. ყველა გუნდი ყველაფერს აკეთებს შენს წინააღმდეგ. ვფიქრობ, რომ ის ტოპ 5-ში ერთ-ერთი საუკეთესოა".
კოლო მუანიზე
ჩვენ მას ვიცნობთ. ის ძალიან კარგი მოთამაშეა, შეტევაში ძალიან საშიში. მან აჩვენა, რომ აქ ყოფნას იმსახურებს. ჩვენ მასთან ფრთხილად უნდა ვიყოთ და ვეცადოთ მის შეჩერებას.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში პსჟ-ს მაისურით ყველა ტურნირზე 15 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი და ოთხჯერ საგოლე პასი გააკეთა. „პარი სენ-ჟერმენი“ – „ტოტენჰემის“ შეხვედრა 26 ნოემბერს, 23:55 საათზე გაიმართება.







