მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ „ოლიმპიაკოსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, ფლორენტინო პერესისგან ნდობას გრძნობს.
„გასახდელის მართვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საფეხბურთო ასპექტი, ტაქტიკური სამუშაო და ფიზიკური მომზადება. ეს ფუნდამენტურია, როგორც „რეალში“, ასევე ნებისმიერ გუნდში. აქ მუშაობა ისეთივე მომთხოვნი სამუშაო აღმოჩნდა, როგორსაც ველოდი. არსებობს მომენტები, როდესაც კონცენტრაცია გჭირდება, ზოგჯერ კი სწრაფი რეაგირება, მაგრამ მე ყველაფრით სიამოვნებას ვიღებ.
ბოლო რამდენიმე მატჩით უკმაყოფილოები ვართ. გვაქვს საჭირო თვითკრიტიკა, მაგრამ ასევე ვხედავთ, სად ვართ ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში. ამ ყველაფრიდან გამომდინარე კი კმაყოფილი ვარ. დიდ პატივს ვცემ მოთამაშეებს. ვიცი, როგორია გასახდელები, რა უნდა გაიარო და როგორ უნდა გაუმკლავდე გარე ხმაურს, მსგავსი სიტუაციები კონცენტრაციას ვერ დაგვაკარგვინებს.
არ არის საჭირო კლუბისგან საჯარო მხარდასაჭერი მესიჯი. დღეს დილით პრეზიდენტს ვესაუბრე და ჩვენი ყოველდღიური ურთიერთობა არის ის, რაც გვაკავშირებს“, - თქვა ჩაბი ალონსომ.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალს“ ჩემპიონთა ლიგაზე ოთხ ტურში 9 ქულა აქვს, მაგრამ ყველა ტურნირზე ბოლო სამი მატჩი ვერ მოიგო.







