ინგლისის ჩემპიონშიფის მე-17 ტურში „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „პრესტონს“ დაუზავდა, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე თითქმის 8-თვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 74-ე წუთზე გამოჩნდა და ზუსტად 234 დღის შემდეგ პირველად ითამაშა, რაც რა თქმა უნდა, შესანიშნავი სიახლეა.
მატჩის დასრულების შემდეგ, გიორგი ჩაკვეტაძემ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა. გიორგის თქმით, რთული და ფსიქოლოგიურად მძიმე პერიოდი იყო.
"მოგება გვინდოდა და შედეგით იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კვლავ შევძელი მოედანზე დაბრუნება და ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ძალიან რთული და ფსიქოლოგიურად მძიმე პერიოდი იყო. ვიცოდი, რომ ტრავმის გამო დიდი ხნით უქმობა მომიწევდა. ბევრი ვიშრომე, რომ მოედანზე რაც შეიძლება მალე დავბრუნებულიყავი და მოხარული ვარ, რომ საბოლოოდ ეს შევძელი",
ჩაკვეტაძემ ასევე კომენტარი "უოტფორდის" მთავარ მწვრთნელ ხავი გარსიაზეც გააკეთა:
"ის ძალიან კარგი ადამიანი და მწვრთნელია. მომწონს მასთან მუშაობა, რადგან ფეხბურთელებთან კარგი დამოკიდებულება აქვს. ყოველთვის გელაპარაკება და ცდილობს აგიხსნას, თუ რა სურს შენგან. ხავი გუნდისთვის ძალიან ბევრს აკეთებს. როდესაც მოედანზე შევდიოდი მითხრა, რომ მარცხენა ფლანგზე მეთამაშა და თამაშისგან მაქსიმალური სიამოვნება მიმეღო", - განაცხადა ჩაკვეტაძემ.
შეგახსენებთ, რომ „უოტფორდს“ 24 ქულა აქვს, მომდევნო ტურში კი 1-ელ დეკემბერს, „ბირმინგემს“ სტუმრად დაუპირისპირდება.





