UFC-ის მსუბუქი დივიზიონის მებრძოლი არმან ცარუკიანი დანეილ კორმიეს პოდკასტში იყო სტუმრად, სადაც სომეხმა მებრძოლმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და კომენტარი ილია თოფურიას შესახებაც გააკეთა. ის დარწმუნებულია, რომ თოფურიას მარტივად დაამარცხებს და უნდა, რომ იდაყვებით სახე დაუჩეხოს და ბრძოლა ტექნიკური ნოკაუტით მოიგოს.
"ვფიქრობდი, რომ თოფურიას იმდენი გამბედაობა ეყოფოდა, რომ ჰუკერთან ბრძოლის შემდეგ ოქტაგონში ამოვიდოდა, თუმცა მას ამის კვერცხები არ აქვს. ილიას ჩემი სახელის გაგონება არ სურს, რადგან ეშინია. რატომ უნდა აიღოს სახიფათო ბრძოლა, როდესაც შეუძლია პედი პიმბლეტი მარტივად დაამარცხოს და შემდეგ ზედა წონაში გადაინაცვლოს და მესამე ქამრისთვის იბრძოლოს? ეს მისთვის იდეალური სცენარია.
მე მას ყველა კომპონენტში ვჯობივარ და გამარჯვებაშიც დარწმუნებული ვარ, მითხარით რა მეთოდით გსურთ მოვიგო და მე ამას გავაკეთებ. უბრალოდ ძალიან მინდა, რომ ილიას იდაყვები ვურტყა, სახე დავუხეჩო და ბრძოლა ტექნიკური ნოკაუტით მოვიგო", - განაცხადა ცარუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ არმან ცარუკიანმა გასულ უქმეებზე დენ ჰუკერი მეორე რაუნდში დაამარცხა და მატჩის შემდგომ ინტერვიუს დროს ილია თოფურია გამოიწვია. რაც შეეხება ილია თოფურიას, მას ჯერ ოფიციალურად ბრძოლა არ ჩანიშვნია.









