ფეხბურთი

2:01 | 27.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიას საგოლე პასი, მამარდაშვილის 90 წუთი: "ლივერპული" ზედიზედ მესამედ განადგურდა

ჩემპიონთა ლიგაზე „პარი სენ-ჟერმენმა“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა და საკუთარ მოედანზე ლონდონის „ტოტენჰემი“ 5:3 დაამარცხა.

შეხვედრა შესანიშნავი სანახავი გამოდგა, რომლის მთავარი გმირი ვიტინია იყო. თუმცა, არც ტოტენჰემელ რანდალ კოლო მუანის გარჯა დაიწუნება, რომელმაც ყოფილ გუნდთან გაიბრწყინა.

35-ე წუთზე კოლო მუანიმ საგოლე პასი მიითვალა და რიშარლისონმა ანგარიში გახსნა, მაგრამ 10 წუთში ვიტინიამ დიდებული გოლით გაათანაბრა. მეორე ნახევრის სტარტზე კოლო მუანიმ თვითონაც გაიტანა და ისევ „დეზები“ დაწინაურდნენ, სამი წუთით. მალევე ვიტინიამ კიდევ ერთი ფანტასტიკური გოლი შეაგდო და გაათანაბრა. ამ მომენტში საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიას აქტივშია, რომელიც პირველ ტაიმში გოლთანაც ახლოს იყო, მაგრამ ოდნავ არაზუსტად დაარტყა. 59-ე წუთზე პსჟ დაწინაურდა, გოლი ფაბიან რუისმა შეაგდო, რასაც მალევე ვილიამ პაჩოს გოლი მოჰყვა. ლონდონელები თამაშში დაბრუნდნენ, კოლო მუანის მორიგი გოლით, რაც ვიტინიას შეცდომას მოჰყვა, მაგრამ ოთხ წუთში პორტუგალიელმა პენალტი მოიპოვა, რომელიც თავად გაიტანა და ჰეთ-თრიქი შეასრულა. კვარაცხელია 79-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო პსჟ-მ 5:3 მოიგო.

ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ოთხ მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი და ორჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირზე მისი მონაგარი 16 შეხვედრაში 3 გოლი და 5 საგოლე პასია.

„პარი სენ-ჟერმენს“ 12 ქულა აქვს და მომდევნო ტურში „ბილბაოს“ ესტუმრება, ხოლო „ტოტენჰემი“ პირველად დამარცხდა და 8 ქულა აქვს, წინ კი „სლავიასთან“ თამაში ელოდება.

„ლივერპულის“ კოშმარი გრძელდება: ზედიზედ მესამედ დამარცხდა და ამ სამ თამაშში 10 გოლი გაუშვა, თანაც ორჯერ „ენფილდზე“ ითამაშა. არნე სლოტის დღეები ალბათ ინგლისურ გრანდში დათვლილია. „მანჩესტერ სიტისა“ და „ნოტინგემთან“ განადგურებას, პსვ ენდჰოვენთან სირცხვილი მოჰყვა - 1:4!

ალისონმა ტემპერატურის გამო ვერ ითამაშა და გიორგი მამარდაშვილმა 90 წუთი ითამაშა, მაგრამ გუნდს ვერაფრით დაეხმარა, მაგრამ გოლებშიც ბრალი ქართველ მეკარეს არ მიუძღვის. უბრალოდ, „ლივერპულია“ ამაზრზენ ფორმაში, ასეთი კატასტროფა როგორ ხდება მის თავს, აუხსნელია. პირველ ტაიმში გუნდებმა გოლები გაცვალეს, მაგრამ მეორე ნახევარში პსვ-მ სამჯერ გაიტანა და მეტოქე გაანადგურა. ბოლო 12 მატჩიდან „ლივერპულმა“ 9 წააგო...

გიორგი მამარდაშვილმა ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხე მატჩი ჩაატარა, ხოლო ყველა ტურნირზე „ლივერპულის“ მაისურით მეათედ ითამაშა.

„ლივერპულს“ 9 ქულა აქვს, მომდევნო ტურში მისი მეტოქე სტუმრად „ინტერი“ იქნება. პსვ-მ 8 ქულა დააგროვა და „ატლეტიკოს“ უმასპინძლებს.

ლისაბონის „სპორტინგმა“ 3:0 დაამარცხა „ბრიუგე“ და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. გიორგი ქოჩორაშვილს ისევ არ ჰქონდა თამაშის შესაძლებლობა, რაც ბოლო დროს სისტემური გახდა. ქართველი ნახევარმცველი პორტუგალიურ კლუბში რთულ მდგომარეობაშია.

„სპორტინგს“ 10 ქულა აქვს და მომდევნო ტურში „ბაიერნს“ ესტუმრება, ხოლო „ბრიუგეს“ აქტივში 4 ქულაა და „არსენალს“ უმასპინძლებს.

„პარი სენ-ჟერმენი“ – „ტოტენჰემი“ 5:3 (1:1)

გოლები: 0:1 რიშარლისონი (35), 1:1 ვიტინია (45), 1:2 კოლო მუანი (50), 2:2 ვიტინია (53), 3:2 ფაბიან რუისი (59), 4:2 პაჩო (65), 4:3 კოლო მუანი (72), 5:3 ვიტინია (76, პენ)

„ლივერპული“ - პსვ ეინდჰოვენი 1:4 (1:1)

გოლები: 0:1 პერიშიჩი (6, პენ), 1:1 სობოსლაი (16), 1:2 ტილი (56), 1:3 დრიუხი (73)

„სპორტინგი“ – „ბრიუგე“ 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 კენდა (24), 2:0 სუარესი (31), 3:0 ტრინკაო (70)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096493