საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მარცხით დაიწყო. ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდმა თბილისში, უკრაინის ნაკრებთან 79:92 წააგო.
ქართველმა კალათბურთელებმა თამაში კარგად დაიწყეს, პირველი პერიოდი 8 ქულით მოიგეს, ხოლო დიდ შესვენებაზე 5-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, თუმცა, მეორე ტაიმში უკრაინამ შესანიშნავად ითამაშა და ჯიკიჩის გუნდმა ვერაფერი დაუპირისპირა.
საქართველოს ნაკრებს დუდა სანაძემ ულიდერა 22 ქულით და 5 მოხსნით, თორნიკე შენგელიას 17 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი ჰქონდა. თად მაკფადენმა, რომელიც კამარ ბოლდუინის არყოფნაში ნაკრებს დაუბრუნდა, 17 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა.
თბილისში ბოლო სანაკრებო მატჩი ჩაატარა გიორგი შერმადინმა, რომელმაც 25 წუთში 7 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. გიორგი 202-ე და ბოლო სანაკრებო მატჩს 30 ნოემბერს, ესპანეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.
უკრაინის ნაკრებში უბრალოდ შეუჩერებელი იყო ოლეკსანდრ კოვლიარი, რომელმაც 31 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი მიითვალა და დიდწილად მისი დამსახურებაა, რომ სტუმრებმა გამარჯვება მოიპოვეს.
ოთხგუნდიანი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე სამი გუნდი გადის, მაგრამ მეორე ჯგუფურ ეტაპზე უკრაინასთან საშინაო წაგება საქართველოს შეიძლება ძვირად დაუჯდეს და ამ მარცხით მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელი გზა ძალიან გაურთულდა.
საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩს 30 ნოემბერს, სტუმრად ესპანეთის ნაკრებთან გამართავს.
საქართველო - უკრაინა 79:92 (23:15, 25:28, 13:23, 18:26)









