გრაცის „შტურმმა“ ევროპა ლიგის მეოთხე ტურში სტუმრად ათენის „პანათინაიკოსთან“ 1:2 წააგო და ოთარ კიტეიშვილის გასაოცარი გოლი ქულისთვის არ ეყო.
მატჩის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ფრეს მაინც იმსახურებდნენ:
„ფრეს ვიმსახურებდით. მეტი კონცენტრაციით შეგვეძლო ქულის მოპოვება, მაგრამ არ გამოგვივიდა, იმედგაცრუებულები ვართ. ასეთ თამაშებში უფრო აგრესიულები უნდა ვიყოთ, შეტევაშიც უკეთ უნდა გვეთამაშა. სამი მაღალი ბერძენი მცველის წინააღმდეგ რთული იყო“, - თქვა კიტეიშვილმა.
კიტეს გოლზე მისმა თანაგუნდელმა არიან მალიჩმა ისაუბრა, რომელმაც გოლის სილამაზეს ხაზი გაუსვა:
„როდესაც საქმეები კარგად არ მიდის, კიტეიშვილი ყოველთვის აქაა. მან შესანიშნავი გოლი გაიტანა, მაგრამ მთელმა გუნდმა უნდა გაიტანოს გოლები. კიტე მსოფლიო დონის ფეხბურთელია, თუმცა ქულები გუნდურად უნდა მოვიპოვოთ, ახლა ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ლამაზი გოლები“, - აღნიშნა არიან მალიჩმა.
„კიტეს გოლი შესანიშნავი იყო, მაგრამ საკმარისი მომენტები ვერ შევქმენით. ასეთია ფეხბურთი ევროპაში - შეცდომებს თუ უშვებ, გოლებსაც მიიღებ“, - თქვა „შტურმის“ მეკარემ, ოლივერ კრისტენსენმა.
კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში 19 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და ორჯერ საგოლე პასით გამოირჩა, ხოლო კონკრეტულად ევროპა ლიგაზე ოთხ მატჩში ორი გოლი გაიტანა. "შტურმს" ევროპა ლიგაზე ოთხ ტურში 4 ქულა აქვს, მომდევნო მატჩს კი 30 ნოემბერს, ბუნდესლიგაში "ჰარტბერგთან" ჩაატარებს.









