შარშან გერმანიის ევროპის ჩემპიონატიდან საქართველოში დაბრუნება არ იყო ადვილი საქმე. ჩვენი ნაკრების გასვლით ოცნებაახდენილ ქართველებს ადრევე ჰქონდათ დაჯავშნილი ადგილი გერმანიიდან საქართველოსკენ მომავალ თვითმფრინავებში და გზის ალტერნატივის მაძიებლებს შემოვლა-გავლით სხვადასხვა ქვეყნებიდან მოგვიწია სამშობლოში დაბრუნება.
ჩემი და ჩემი მეგობრების შემთხვევაში ეს ქვეყანა იყო თურქეთი. კიოლნიდან ჯერ ანკარაში უნდა ჩავსულიყავით, სადაც თბილისის რეისს ვერ მივუსწარით და იქიდან ტრაბზონში ჩავედით სხვა თვითმფრინავით, შემდეგ ტრაბზონიდან რიზეში ავტობუსით, რიზედან ხოფაში სამარშრუტო ტაქსით, ხოფადან სარფში, სარფიდან ბათუმში, ბათუმიდან კი თბილისში სხვადასხვა ტრანსპორტის ცვლამ ისე გამოგვაცალა ძალა და ილაჯი, რომ მგზავრობის ბოლო საათები წესიერად არც კი მახსოვს. მაგრამ მახსოვს მთავარი და ყველაზე სახალისო, რისთვისაც დავიწყე ამ ბლოგის წერა.
ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი, რაც ამ მარშრუტს ახლდა თან, სწორედ თურქეთის ქალაქ რიზეში მოხდა. ზიხარ სამარშრუტო ტაქსში უკვე გვარიანად დაღლილი, უყურებ ხმელეთსა და ზღვას შორის მოქცეულ სოფლებს, ჩაის პლანტაციებით სავსე ფერდობებს, უამრავ ციტრუსის ბაღს და გვიანღა ამჩნევ სამარშრუტო ტაქსის ჭერზე დაკიდებულ სამკუთხა დროშას, თეთრი ბახრამით და მწვანე-ლურჯი ფერებით. დროშას წარწერით: ÇAYKUR RİZESPOR. მძღოლი მრავალტანჯული კლუბის - „რიზესფორის“ თავგადაკლული ქომაგი აღმოჩნდა, რომელმაც მთელი გზა ამ გუნდის ქომაგთა სიმღერები გვასმენინა და რაკი გაიგო რომ ევროპის ჩემპიონატიდან ვბრუნდებოდით, საქართველოს ნაკრებიც აქო და თურქეთის ნაკრების საქართველოსთან გამარჯვებაც დელიკატურად გაიხსენა.
მძღოლს ღიმილი ჰქონდა უცნაური და იდუმალი, რიზეელ ქომაგთა ჰანგებს კი მისთვის არანაკლები სიამაყე მიენიჭებინა, ვიდრე მაგალითად „სტემფორდ ბრიჯზე“ მჯდარი „ჩელსის“ თავგადამკვდარი მავანი ფანი ამაყობს ლონდონელთა ჰიმნით და ისტორიით.
მძღოლი გახლდათ 45-50 წლის კაცი (რომლის სახელიც სამწუხაროდ არ ვიცი) და ხელების, ფეხების, ტელეფონის სათარგმნი პროგრამის, ორიოდე ინგლისური სიტყვითა და სამსახიობო უნარების გამოყენებით გვიამბობდა, რომ ბავშვობაში მამასთან ერთად მუდამ დადიოდა „რიზესპორის“ თამაშებზე ჯერ კიდევ იმ ჟამს, როცა მათი გუნდი რანგით, გადაკარგულ მესამე ლიგაში იყო. ხოლო როცა ზღვისპირელთა გუნდი სუპერლიგაში პირველად აღზევდა, ქალაქი ორი დღე ზეიმობდა და ეს ზეიმი დაუვიწყარია მათთვის. შემდეგ გავარკვიე, რომ თურმე ასეთი სიტყვები ყოფილა რიზეელ ქომაგთა სიმღერაში: „რიზესპორი“ თამაშს აგებს, მაგრამ სიყვარულს არ ჰკარგავს!“. რაღაცნაირად „ნაპოლეონის გვარდია კვდება, მაგრამ არ ნებდება“-ს ჰგავს.
უბრალო ტილოზე დაბეჭდილი ლოგო მაშინ, იმ ურთულეს დღეს, ბევრად მეტს ნიშნავდა. ის იყო დამაკავშირებელი ხიდი ორ ქვეყანას, ორ ისტორიასა და ორ ემოციას შორის. ამის შემდეგ ალბათ ცხოვრებაში აღარ დამავიწყდება რიზე - ქალაქი, რომელიც მძღოლის თქმით, ფეხბურთით ცოცხლობს. პატარა ქალაქი შავი ზღვის ნაპირას, გზაში ბევრი ჩაის პლანტაცია, სალი კლდეები, მწვანე-ლურჯად მოლივლივე ზღვა და მინდვრები და ამ ყველაფრის სიმბოლო, ის სამკუთხა დროშა, რომელიც მიკროავტობუსის ჭერზე იყო ჩამოკიდებული. დროშა, რომელმაც ეს ტანჯული მგზავრობა საინტერესო ისტორიად აქცია.









