ქუთაისის ‘არესმა’ თბილისის ‘ხვამლს’ ბონუს-ქულით, 47:17 სძლია და 10 ტურის შემდეგ crocobet დიდი 10-ის სატურნირო ცხრილს 38 ქულით ლიდერობს.
„აია არენაზე“ მასპინძლები სრულად დომინირებდნენ და საათის თავზე 6 უპასუხო ლელოთი 40:0 იგებდნენ. ‘ხვამლმა’ 15 წუთში სამი საპასუხო ლელოს გატანა მოახერხა, თუმცა ამით ვერაფერი შეცვალა და 20 ქულით ჯერჯერობით მე-6 ადგილზე რჩება.
თამაში სტუმართა ფაზური შეტევით დაიწყო, მაგრამ ქუთაისელებმა 5-მეტრიანში თავი კარგად დაიცვეს, მერე თავად გადავიდნენ იერიშზე და ლაშა კაკაურიძის სინბინის შემდეგ 10-წუთიანი რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვეს, რითაც კარგად ისარგებლეს. მათ თამაში ააჩქარეს და ლელოები ზურაბ ძნელაძემ და ირაკლი თევზაძემ გაიტანეს, ხოლო სანდრო ფურცხვანიძემ გარდასახვები გამოიყენა. 24-ე წუთზე ‘არესის’ შეტევა ზურა ოდიკაძის ლელოთი დასრულდა და პირველი ტაიმის ანგარიში დაფიქსირდა - 19:0.
მეორე ტაიმში ‘არესმა’ ორი იდენტური შეტევა განახორციელა და 10 წუთში ორი ლელო გაიტანა. მორკინალების დარტყმების შემდეგ ბურთი ორივეჯერ ფრთაზე ჩათამაშდა და იაგო ხაბულიანმა დუბლი მიითვალა. ფურცხვანიძემ ორივე გარდასახა, ტაიმის შუაში მან ელგუჯა მარგველაშვილის ზურგსუკან პასი შეირგო და როგორც საკუთარ, ასევე გუნდის მონაგარს გარდასახული ლელო შემატა.
ამის შემდეგ მასპინძლები მოდუნდნენ, სოლომონი რაუნგეს სინბინის შემდეგ კაცნაკლულები დარჩნენ და ამ ყველაფრით სტუმრებმა ისარგებლეს. გიორგი ვარდოსანიძემ, ირაკლი სულეიმანაშვილმა და საბა არაგველმა ლელოებით, ხოლო ლუკა თაყაიშვილმა გარდასახვით ჩამორჩენა შეამცირეს, მაგრამ ‘არესი’ სწრაფად მოეგო გონს და რაუნგემ ლელოთი და ფურცხვანიძემ გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირეს - 47:17.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ელგუჯა მარგველაშვილი გახდა.
RUGBY.GE









