„ვილიარეალი“ ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან ცუდად თამაშობს, მაგრამ ლა ლიგაში ბრწყინავს და ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა.
მარსელინოს გუნდმა მე-14 ტურში სტუმრად „სოსიედადს“ 3:2 აჯობა. პირველ ტაიმში ანგარიში აიოზე პერესმა გახსნა. მეორე ნახევარში ალბერტო მოლეირომ სხვაობა გააორმაგა, რასაც „სოსიედადმა“ კარლოს სოლერის და ანდერ ბარენეჩეას გოლებით უპასუხა, შესაბამისად, ანგარიში გათანაბრდა. თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოლეირომ დუბლი შეასრულა და „ყვითელმა წყალქვეშა ნავმა“ 3:2 მოიგო.
გიორგი მიქაუტაძე ისევ არ იყო ძირითად შემადგენლობაში, თამაშში მხოლოდ 69-ე წუთზე ჩაერთო. ბოლო დროს ქართველის სათამაშო დრო მკვეთრად შეზღუდულია, მას შემდეგ, რაც გუნდს აიოზე პერესი და ჟერარ მორენო დაუბრუნდნენ. მიქაუტაძეს „ვილიარეალის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 14 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ორჯერ საგოლე პასი გააკეთა.
„ვილიარეალი“ 32 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში 6 დეკემბერს, „ხეტაფეს“ უმასპინძლებს.






