საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა ესპანეთის ნაკრებთან მარცხის (61:90) შემდეგ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, დაცვაში პრობლემები ჰქონდათ და ბევრი მარტივი შეტევაც გააფუჭეს, რამაც დიდი სხვაობა განაპირობა:
„ვულოცავ ესპანეთის ნაკრებს. მათ მართლა საოცარი თამაში ჩაატარეს. ვფიქრობ, დაცვაში პრობლემები გვქონდა. შეტევაში ადვილ ქულებს ვერ ვაგროვებდით და ამიტომაც დავკარგეთ უამრავი ქულა. ვცდილობდით მწვრთნელის მოცემული დავალებები შეგვესრულებინა, მაგრამ მგონია, რომ მზად არ ვიყავით ამის გასაკეთებლად. აქ მხოლოდ ერთი ვარჯიში ჩავატარეთ, ასე რომ მარტივი არ ყოფილა. ჩემს თავზეც ვიტყვი: ეს ჩემი ბოლო თამაში იყო ეროვნულ ნაკრებში, ასე რომ, ჩემი 20-წლიანი კარიერა ნაკრებში დასრულებულია.
უპირველესად მადლობა ჩემს ყველა მწვრთნელს. მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, შტაბის წევრებს, ექიმებს და მადლობა ჩვენს დიდ ფანებს - ქართველ ფანებს. ისინი ყოველთვის ჩვენთან არიან, დღესაც აქ იყვნენ და ვიცი, საქართველოში ბევრმა უყურა ამ თამაშს. მადლობა მათ, რომ ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან. ვუსურვებ ჩემს ნაკრებს მომავალში წარმატებებს, მეტი თამაშის მოგებას. წინ მსოფლიო ჩემპიონატია და ვუსურვებ მათ, რომ იქ გასვლა მოახერხონ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და მადლობა ამ საოცარ ფანებს. ამ დარბაზში შვიდი სეზონი ვითამაშე, აქ ყველა ძალიან კარგი ადამიანია. ახლა კი მომავალ კვირაში, კვირას, ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველოდება მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ“, - თქვა შერმადინმა, რომელმაც ბოლო სანაკრებო მატჩში 8 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა.
გიორგი შერმადინი საქართველოს ნაკრებში 2007 წლიდან თამაშობდა და ამ პერიოდში 202 მატჩში მიიღო მონაწილეობა. საქართველო მომდევნო მატჩებს დანიის ნაკრებთან გამართავს, რომელსაც 27 თებერვალს და 2 მარტს ორჯერ დაუპირისპირდება.









