crocobet დიდი 10-ის მეათე ტურის დასკვნით მატჩში, დებიუტანტმა ‘წიქარამ’ ჩემპიონ ‘ბათუმს’ მისსავე მოედანზე 24:19 სძლია და პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის (27:40) რევანში აიღო.
‘წიქარას’ 21 ქულა მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე დაწინაურდა. ‘ბათუმმა’ ნუგეშ-ქულა მიიღო და ჯამში 34-ით მეორე პოზიციაზე რჩება.
ბათუმის ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაში მასპინძლების შეტევებით დაიწყო. ‘წიქარამ’ მომხვდური 22-ში დააჯარიმა, ლისალა ნასენგემ ბურთი სწრაფად გაათამაშა და კონტრშეტევა წამოიწყო, რომელიც კლავდიუს ხუციშვილმა გააგრძელა და დიდი მანძილი მოიგო, გოდერძი ჭინჭარაულის ფეხით გადაკიდებულ ოვალს იოანე მეტრეველი დაეუფლა და მისი ლელო სოსო მათიაშვილმა გარდასახა. საპასუხოდ ‘ბათუმმა’ მე-14 წუთზე დერეფნიდან მძლავრი მოლი ააგორა და ის საბა ხონელიძეს ლელოთი დასრულდა, ზურა ნინიძემ კი გარდასახვით წონასწორობა აღადგინა.
ტაიმის შუაში მასპინძლებმა მრავალფაზიანი შეტევა განახორციელეს, რის შემდეგ გაჩენილი სივრცეებით კავეკინი ტამბუმ ისარგებლა და ლელოთი ზღვისპირელები დააწინაურა. ნინიძემ გარდასახა. გაშვებულმა ლელომ ‘წიქარა’ გაახელა, მათ მეტოქე მისსავე ნახევარზე წნეხში მოაქციეს და შეცდომები დააშვებინეს. შედეგად, იოანე მეტრეველმა ცენტრში ხაზი გაჭრა და ლელოში კობა ბუჯიაშვილი შეუშვა, ხოლო მათიაშვილმა გარდასახვით ანგარიში გაათანაბრა - 14:14.
‘წიქარა’ მეორე ტაიმის დებიუტში დაწინაურდა. ხუციშვილმა კონტრშეტევა თავისი 22-იდან წამოიწყო და მეტოქის 22-მდე ირბინა, რამდენიმე ფაზის შემდეგ კი ნასენგემ ლელო გაიტანა და ის მათიაშვილმა გარდასახა. ‘ბათუმმა’ საპასუხოდ რამდენიმე ჯარიმა კარში არ დაარტყა და 58-ე წუთზე დერეფნის შემდეგ ლელო გაიტანა - პიტერ ვილიამსმა გრძელი გადაცემა მიიღო და ბურთი მარცხენა ალამთან დაამიწა.
გარდასახვა არაზუსტი იყო, რამაც მათიაშვილს 67-ე წუთზე 40 მეტრიდან გატანილი ჯარიმით უპირატესობის 5 ქულამდე გაზრდის შესაძლებლობა მისცა. დასკვნითი წუთები ‘წიქარამ’ კაცნაკლული (სინბინში რატი ქურასბედიანი) გაატარა, თუმცა თავი დაიცვა და 24:19 გაიმარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კლავდიუს ხუციშვილი გახდა.
RUGBY.GE









