მადრიდის „რეალის“ ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ გუნდის ამჟამინდელი სირთულეები მხოლოდ ჩაბი ალონსოს არ უკავშირდება, იუწყება The Athletic.
გასახდელთან დაახლოებული წყაროს ცნობით, ფეხბურთელები სრულად არ ისმენენ მთავარი მწვრთნელის მოთხოვნებს. თუმცა, წყაროები ხაზს უსვამენ, რომ პრობლემის საფუძველი მხოლოდ ალონსო არ არის.
„საქმე ალონსოში არ არის. მბაპე, ვინისიუსი და ბელინგემი უბრალოდ ვერ თამაშობენ ეფექტურად ერთად. ასეთი ტრიოთი დაბალანსებული გუნდის შექმნა უკიდურესად რთულია“, - თქვა ერთ-ერთმა ანონიმურმა წყარომ.
„რეალმა“ ყველა შეჯიბრში ბოლო ხუთი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო. მაგალითად, 30 ნოემბერს გუნდმა ლა ლიგის მე-14 ტურში „ჟირონასთან“ ფრედ 1:1 ითამაშა. კლუბისა და სამწვრთნელო შტაბის წყაროები აღიარებენ, რომ სიტუაციის შეცვლა რთული იქნება.






