გერმანიის თასის 1/8-ფინალში გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგი“ შინ „ჰოლშტეინ კილთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
გოჩოლეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, ლამაზი გოლის გატანაც შეეძლო, 81-ე წუთზე მისი ძლიერი დარტყმის შემდეგ ბურთი კარის ძელს მოხვდა, ოდნავ რომ გამართლებოდა, მატჩის გმირი გახდებოდა და თავის გუნდს მეოთხედფინალში გაიყვანდა. ერთი წუთის შემდეგ ქართველი მცველი შეცვალეს.
ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა და დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც იატას გოლით „ჰამბურგი“ 107-ე წუთზე დაწინაურდა, მაგრამ 118-ე წუთზე სტუმრებმა გაათანაბრეს (1:1) და პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც „კილმა“ 4:2 მოიგო. გოჩოლეიშვილს მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში 9 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო სამჯერ გერმანიის თასზე ითამაშა.
გერმანიის თასზე სხვა მეოთხედფინალისტებიც გაირკვა. დღეს, „ბაიერნმა“ სტუმრად „უნიონ ბერლინი“ 3:2 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზეა.
მეოთხედფინალში „ბაიერნის“ და "კილის" გარდა, ითამაშებენ „შტუტგარტი“, „ფრაიბურგი“, „ლევერკუზენი“, „ლაიფციგი“, „ზანკტ პაული“ და „ჰერტა“.






