„ნიურნბერგის“ მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა „ფიურტთან“ მნიშვნელოვანი მატჩის წინ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა.
როგორც მან თქვა, დერბის წინ ყველა კონცენტრირებულია და ზეწოლა, რომელიც მსგავს მატჩებს ახლავს, მოსწონს:
„მაგდებურგთან“ მატჩში ძალიან ბევრი მარტივი შეცდომა დავუშვით. ყველამ იცის, რომ ეს ჩვენი თამაში არ იყო და მსგავსი თამაშის ჩვენება არ შეიძლება. უკვე ვუყურე რამდენიმე ვიდეოს და გასახდელში ვისაუბრეთ. ამ საუბრებიდან ჩანს, რომ ეს ჩვეულებრივი თამაში არ არის და მაქსიმალურად ვემზადებით მაღალი დონის თამაშის ჩვენებისთვის.
„არმინიასთან“ მოგების შემდეგ ვთქვი, რომ ძალიან დაძაბულ ლიგაში ვართ და ნებისმიერს შეუძლია ნებისმიერის დამარცხება. ჩვენთვის მთავარია, რომ ყველა თამაშს ეტაპობრივად მივუდგეთ და ყველა მატჩში ყველაფერი გავაკეთოთ. ექვსმატჩიანი დაუმარცხებელი სერია გვქონდა და ძალიან თავდაჯერებულები ვიყავით. ეს თავდაჯერებულობა გვეხმარება. თუმცა, არ მინდოდა მეთქვა, რომ წარმატების გასაგრძელებლად ყოველდღე შრომა არ გვიწევს. ჩვენი საქმეა, მოვემზადოთ თითოეული მატჩისთვის, რათა მოედანზე საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ.
ყველა მოთამაშემ ყველაფერი ამ თამაშს უნდა დაუთმოს. ვარჯიშზეც კი. დერბის დადებითი ზეწოლა და მნიშვნელობა ვარჯიშზეც უნდა გადავიტანოთ, რათა კვირას მზად ვიყოთ. ავსტრიასა და იტალიაში რამდენიმე დერბიში მითამაშია. თუმცა, გამიგია, რომ ფრანკონიის დერბი გერმანიაში უძველესი დერბია. მოუთმენლად ველი ამ ისტორიულ მატჩში პირველად მონაწილეობის მიღებას. მომწონს დიდი თამაშები და ზეწოლა. ზეწოლა ჩემთვის პრივილეგიაა, რადგან ეს ნიშნავს, რომ ვიცი, რომ დიდ თამაშში ვთამაშობ. ასეთ თამაშებში კიდევ უფრო მეტად ვგრძნობ სპორტისადმი ვნებას“, - თქვა ლოჩოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილს II ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 13 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო ერთხელ გერმანიის თასზე ითამაშა. „ნიურნბერგი“ 14 ტურის შემდეგ 18 ქულით მე-10 ადგილზეა, „ფიურტს“ კი 7 დეკემბერს, თბილისის დროით 16:30 საათზე დაუპირისპირდება.






