ფეხბურთი

15:50 | 5.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

მარსელინო: "მიქაუტაძეს მხარს ვუჭერთ, რათა საკუთარი თავი მაქსიმალურად გამოავლინოს"
"მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ მაღალი დონის ფეხბურთელის მიმართ"

„ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა მარსელინომ „ხეტაფესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც გიორგი მიქაუტაძეზეც ისაუბრა.

ქართველ ფეხბურთელს არ აქვს წარმატებული პერიოდი, დიდი ხანია გოლის გატანას ვერ ახერხებს და სათამაშო დროც შეეზღუდა. ესპანელმა სპეციალისტმა გიორგის მდგომარეობაზე ასეთი კომენტარი გააკეთა:

„რაც შეეხება მიქაუტაძეს: მე ყოველთვის მიყვარს წინდახედულობა და მოთმინება. უნდა ვიყოთ მომთმენი ძალიან მაღალი ხარისხის მოთამაშის მიმართ, რომელსაც ჰქონდა პრობლემა, რამაც სტაბილურობის შენარჩუნება გაართულა. ახლა ის ძალიან კარგ განწყობაზეა და დარწმუნებული ვარ, სეზონის დარჩენილ ნაწილში კარგად ითამაშებს. მხარს ვუჭერთ მას, რათა დავეხმაროთ საკუთარი თავის მაქსიმალურად გამოვლენაში. ის დაგვეხმარა გადამწყვეტ მომენტებში და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც გააგრძელებს ჩვენს დახმარებას“, - თქვა მარსელინომ.

გიორგი მიქაუტაძეს „ვილიარეალის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 15 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ორჯერ საგოლე პასი გააკეთა. თუმცა, ბოლო ორი თვის განმავლობაში ერთადერთი გოლი გაიტანა და ძირითად შემადგენლობაშიც პრაქტიკულად ვეღარ ხვდება.

„ვილიარეალისა“ და „ხეტაფეს“ მატჩი 6 დეკემბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.

0.057778