ფეხბურთი

18:21 | 5.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისის" მორიგი გამარჯვება უეფას ახალგაზრდული ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე

უეფას ახალგაზრდული ლიგის ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „დინამო თბილისის“ 19-წლამდე გუნდმა „დინამო მინსკი“ 2:0 დაამარცხა და ორრაუნდიან დუელში გამარჯვებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

„დინამო“ მე-12 წუთზე ჰალიდ დოლტმურზიევის გოლით დაწინაურდა, ხოლო ხუთი წუთის შემდეგ გიორგი გვასალიამ სხვაობა ორამდე გაზარდა. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა.

საპასუხო მატჩი 10 დეკემბერს, ისევ „დინამო არენაზე“ გაიმართება, რადგან ბელარუსები უეფასგან სანქცირებული არიან და „დინამო მინსკმა“ გადაწყვიტა, რომ ამ დუელში საშინაო მატჩიც თბილისში ეთამაშა... შესაბამისად, დღეს ნომინალური მასპინძელი მეტოქე იყო, ხოლო ხუთ დღეში "დინამო თბილისი" იქნება.

„დინამო თბილისმა“ წინა საკვალიფიკაციო ეტაპებზე ბოსნიური „ჟრინსკი“ და კვიპროსული „აეკი“ დაამარცხა.

„დინამო თბილისი“ ორრაუნდიან დუელში თუ გაიმარჯვებს, ახალგაზრდული ლიგის პლეი-ოფში გავა, სადაც უკვე მომავალ წელს ითამაშებს. საკვალიფიკაციო ეტაპიდან პლეი-ოფის საგზურს 10 გუნდი მოიპოვებს, რომლებსაც დაემატება 22 გუნდი მთავარი ბადიდან, რომლის ჯგუფურ ეტაპზე იმ კლუბების ახალგაზრდული გუნდები თამაშობენ, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის ფაზის ეტაპზე გამოდიან.

0.165887