ფეხბურთი

9:47 | 9.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

უიღბლონი, ანუ რა დაგაკელით ბიჭებო?

ახლა, როდესაც მსოფლიოს მომავალი საფეხბურთო ჩემპიონატის სავარაუდო მონაწილეთა ავ-კარგი თითქმის ბოლომდე გარკვეულია და მხოლოდ რამდენიმე ფლეი-ოფიღა დარჩა მავანთა იმედად, უკვე დარდიანად შეგვიძლია ამოვიხვნეშოთ და შევეგუოთ იმ აზრს, რომ ყველა ქართველი ფეხბურთელის პატივისცემის მიუხედავად, ობიექტურად, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ორი ქართველი ვარსკვლავი - გიორგი მამარდაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია დააკლდებიან პლანეტის უმთავრეს საფეხბურთო ზეიმს და იმედად მხოლოდ მომდევნო მუნდიალის შესარჩევი ეტაპი უნდა დავიტოვოთ.

მაგრამ მხოლოდ ხვიჩა და გიორგი კი არ მოხვდნენ ცნობილ უიღბლოთა შორის. მაგალითად, „მანჩესტერ იუნაიტედის“ კამერუნელი თავდამსხმელი ბრაიან მბუემო და „ლივერპულის“ უნგრელი ნახევარმცველი დომინიკ სობოსლაი ასევე იმ ვარსკვლავებს შორის არიან, რომლებიც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მიიღებენ მონაწილეობას.

სობოსლაის „ლივერპულში“ და უნგრეთში ასევე ჰყავს მასსავით უიღბლო თანაგუნდელი მილოშ კერკეზი, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმტყველებდნენ, თუმცა მუნდიალის და დიდი ტურნირების გარეშე მომავალი რთულად დასაგეგმია. არიან სხვებიც - ნიჭიერები, იმედისმომცემები, გამორჩეულები, რომლებიც მუნდიალს მიღმა დარჩნენ. სამწუხაროდ, სულ ასე იყო და ეს არავის უკვირს.

რას ვერჩით კურასაოს?

მომავალ ზაფხულს შეერთებულ შტატებში, მექსიკასა და კანადაში გასამართ ტურნირზე განკუთვნილი 48 ადგილიდან 42 უკვე გადაწყვეტილია, დანარჩენი ექვსი კი მარტის საერთაშორისო შესვენებაზე გაირკვევა. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპიდან უკვე გამოეთიშა 145 გუნდი. მათ შორის, ბევრი საკმაოდ კარგი საფეხბურთო ქვეყანაცაა. ამის ფონზე ბევრის აღშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ მუნდიალზე გავიდნენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: კურასაო, უზბეკეთი და კაბო-ვერდე. არადა, სამივე მათგანმა ოცნების ტურნირს დამსახურებულად, დიდი გარჯითა და საოცარი თავდადებით უწია, თუმცა, იმის ფონზე, რომ მაგალითად, პერუ და ჩილე (ამათ დამატებული, ევროპიდან სერბეთი, საბერძნეთი და უნგრეთი) კვლავ ვერ ითამაშებენ მუნდიალზე, კურასაოს თამაშების ცქერა კარგი განწყობით, ალბათ, ბევრს მართლა გაუჭირდება.

არამხოლოდ ძალითა

საფეხბურთო ლოგიკა მუდამ უცნაურია და არცთუ იშვიათად არ ექვემდებარება წინასწარ გაწერილ პროგნოზებსა და ვარაუდებს. ადრეც ვწერდი, რომ ფეხბურთთან მწყრალად მყოფი ხალხისთვის სრულიად ამოუხსნელია ის, რომ მოსახლეობის რაოდენობის მხრივ ორი უდიდესი ქვეყანა - ჩინეთი და ინდოეთი ვერც ამ მუნდიალზე ითამაშებენ. „მაინც რა დაგაკელით ბიჭებო, ასე საშინლად რომ თამაშობთ?“ - ალბათ, იკითხავდა ჩინეთის საფეხბურთო ნაკრების აწყოფილი ხორვატი მწვრთნელი ბრანკო ივანკოვიჩი, მაგრამ მის კითხვას ზუსტი პასუხი ვერასოდეს გაეცემა.

ზოგადად, მეტად საინტერესო და ბევრისთვის საკვირველი კითხვაა: რატომ ვერ გადის ჩინეთის საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე, მაშინ როცა ქვეყანას აქვს უზარმაზარი ფინანსური რესურსი და განვითარებული სპორტული ინფრასტრუქტურა? და რატომ ხდება ისე, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მუდმივად გადიან, მაგალითად, იაპონია და სამხრეთ კორეა, ჩინეთმა კი, მხოლოდ ერთხელ მოახერხა ეს?

პირველყოვლისა ის უნდა ვთქვათ, რომ ჩინეთში ფეხბურთს არ აქვს ისეთი ღრმა კულტურული ფესვები, როგორიც ევროპაში, სამხრეთ ამერიკაში ან თუნდაც იაპონიაში. ჩინელ ახალგაზრდებში ფეხბურთი პოპულარული ხდება მხოლოდ ბოლო წლებში, ადრე კი, პრიორიტეტი სხვა სახეობებს (მაგ. მაგიდის ჩოგბურთს, ბადმინტონს) ენიჭებოდა.

ზოგადად, ჩინეთში დიდ ყურადღებას აქცევენ ინდივიდუალური უნარების განვითარებას, მაგრამ იშვიათობაა სპორტის გუნდური სახეობების წარმატებები.

წლების განმავლობაში ჩინეთის საფეხბურთო ფედერაცია ცნობილი იყო კორუფციითა და არაკომპეტენტურობით. როგორც ამბობენ, ბოლო დროს სიტუაცია გაუმჯობესდა, მაგრამ ჯერ კიდევ არ ჩანს გარდამტეხი რეფორმები. როგორც ევროპაში მოღვაწე ჩინელი სპორტული მიმომხილველი ჟი ენი ამბობს, მწვრთნელების, ფეხბურთელების შერჩევა ხშირად არ იყო პროფესიული კრიტერიუმებით ნაკარნახევი.

ჟი ენის თქმით, ევროპაში საფეხბურთო ინტელექტს ახალგაზრდებს ბავშვობიდანვე უვითარებენ, ჩინეთში კი, ცდილობენ, ყველა პრობლემა მხოლოდ ტექნიკური ელემენტების დახვეწით ან ფიზიკური სიძლიერით გადაწყვიტონ.

არამხოლოდ ფულითა

ბოლო წლებში ჩინურმა საფეხბურთო კლუბებმა გვარიანი თანხები დახარჯეს უცხოელ ვარსკვლავებზე, რაც, როგორც გამოჩნდა, სათანადოდ მაინც ვერ დაეხმარა ადგილობრივი მოთამაშეების კლასის ამაღლებასა და განვითარებას. ამის გამოა, რომ ჩინელი ფეხბურთელები ნაკლებად თამაშობენ ტოპდონეზე და შესაბამისად, ნაკლებად ვითარდებოდნენ თანამედროვე მსოფლიოში არსებული დიდი კონკურენციის პირობებში.

ჩინელი ფეხბურთელები იშვიათად მიდიან ევროპაში სათამაშოდ. ვინც მიდის, ისინიც ხშირ შემთხვევაში ვერ ხვდებიან ძირითად შემადგენლობებში და 2022 წლამდე „ესპანიოლში“ მოთამაშე ვუ ლეი მხოლოდ მცირე გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს. ისიც აღსანიშნავია, რომ ვუ ლეის საბოლოოდ მაინც ჩინეთში მოუწია დაბრუნება და ახლა მშობლიურ შანხაიში ღვრის ოფლს და მშობლიურ ჰაერზე გოლები უხვად გააქვს, რასაც ესპანეთში ნაკლებად ახერხებდა.

ჩინეთი ნამდვილად ცდილობს ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას, მაგრამ ამ ქვეყანას ჯერ კიდევ ძალიან აკლია მაღალი დონის ბავშვთა და იუნიორთა გუნდების მწვრთნელები.

ამ ყველაფრის ერთობლიობამ გამოიწვია ის, რომ ჩინეთის ნაკრები მხოლოდ ერთხელ იყო მსოფლიო ჩემპიონატზე - 2002 წელს. მაშინაც „წითელი დრაკონები“ ჯგუფიდან ვერ გავიდნენ და ერთი გოლიც კი ვერ გაიტანეს. მაშინ როდესაც იაპონია 1998 წლიდან მსოფლიოს ყველა ჩემპიონატზე მონაწილეობს, 2022 წელს დაამარცხა გერმანია და ესპანეთი, გავიდა რა ჯგუფიდან და მე თუ მკითხავთ, მეტიც შეეძლო. სამხრეთ კორეა კი, ასევე რეგულარულად, 1986 წლიდან, ყველა მუნდიალის ძირითად ეტაპზე გადის და 2002 წელს საერთოდ ნახევარფინალს უწია. პლანეტის ერთ-ერთ უმდიდრეს სახელმწიფოს - ჩინეთს მსგავსი წარმატებები არც კი დაესიზმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.077411