„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა „ინტერთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მოჰამედ სალაჰზე ისაუბრა.
ნიდერლანდელმა სპეციალისტმა უპასუხა ეგვიპტელის ხმაურიან განცხადებას, რომელმაც ორი დღის წინ უკმაყოფილება საჯაროდ გამოხატა. კლუბმა რეაგირება მოახდინა და „ინტერთან“ მატჩისთვის სალაჰი განაცხადს მიღმა დარჩა.
„მიჭირს იმის გაგება, თუ ვისზე საუბრობს. მიჭირს ზუსტად იმის გაგება, თუ რას გულისხმობს. მას ვაცნობეთ, რომ გუნდთან ერთად ამ მატჩისთვის არ იქნება, ეს არის ერთადერთი კომუნიკაცია, რომელიც მასთან გვქონდა.
ჩვეულებრივ, მე მშვიდი და თავაზიანი ვარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სუსტი ვარ. როდესაც მოთამაშე ასეთ რაღაცეებს ამბობს, ჩვენ, როგორც კლუბმა, უნდა ვიმოქმედოთ და ხედავთ, რომ ის აქ არ არის. „ავტობუსის ქვეშ“ ციტატით ვინ იგულისხმა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ სალაჰს შეუძლია. სიმართლე გითხრათ, ძნელი სათქმელია, ვის გულისხმობს... არ ვიცი. მოს ჰკითხეთ.
არ მგონია, რომ [სალაჰის სიტყვებით] ჩემი ავტორიტეტი შელახულიყო. საქმე ჩემში არ არის, საქმე იმაშია, რომ გუნდისა და კლუბისთვის უფრო რთულია. ეს გავლენას ახდენს პერსონალის წევრებზე, რომლებიც ყოველდღიურად შრომობენ.
დაბრუნდება თუ არა „ბრაიტონთან“? ჯერ „ინტერთან“ მატჩზე ვფიქრობთ, სიტუაციას ორ დღეში ხელახლა შევაფასებთ. მტკიცედ გვჯერა, რომ ყოველთის არის შანსი გუნდში ფეხბურთელის დაბრუნების. წარმოდგენა არ მაქვს, ბოლო მატჩი მან უკვე ჩაატარა თუ არა „ლივერპულში“. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ახლა არ შემიძლია.
მო ყოველთვის პატივისცემით ეკიდებოდა პერსონალს და თანაგუნდელებს, ის ძალიან ბევრს ვარჯიშობდა, ამიტომ ცოტა გამიკვირდა, როდესაც გავიგე, რომ მან ასეთი კომენტარები გააკეთა.
მოს სრული უფლება აქვს, თავი ისე იგრძნოს, როგორც გრძნობს, მაგრამ არ აქვს უფლება ეს მედიასთან გააზიაროს, კლუბის მიერ ზომების მიღების გარეშე“, - თქვა სლოტმა.
შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰმა მიმდინარე სეზონში 19 მატჩში 5 გოლი გაიტანა. დიდი შანსია, მან კლუბი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დატოვოს.






