იტალიის სერია A-ს მე-14 ტური „ტორინოსა“ და „მილანის“ მატჩით დასრულდა, რომელიც სტუმრებმა 3:2 მოიგეს.
მასიმილიანო ალეგრის გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლაშია ჩართული და ნებისმიერ ქულას მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. „მილანისთვის“ „ტორინოსთან“ მატჩი კოშმარულად დაიწყო: მე-17 წუთზე ორბურთიანი ჩამორჩენა ჰქონდა. ჯერ პენალტით ანგარიში ნიკოლა ვლაშიჩმა გახსნა, ხოლო შემდეგ დუვან საპატამ გაიტანა და სხვაობა გააორმაგა.
თუმცა, „მილანი“ არ გატყდა, მალევე ადრიენ რაბიომ ფანტასტიკური გოლით სხვაობა შეამცირა. ფრანგმა „მილანის“ ქამბექი კი დაიწყო, მაგრამ ვერ შედგებოდა, რომ არა კრისტიან პულიშიჩი, რომლის მონაწილეობა სიცხის გამო ამ მატჩში საეჭვო იყო. ამიტომაც, ამერიკელი მოედანზე მხოლოდ 66-ე წუთზე გამოჩნდა და ერთი წუთიც არ დასჭირვებია რომ ანგარიში გაეთანაბრებინა. 10 წუთში პულიშიჩმა დუბლი გაიფორმა და გამარჯვების გოლი გაიტანა - 2:3.
„მილანი“ სერია A-ს „ნაპოლისთან“ ერთად 31 ქულით ლიდერობს, ხოლო მომდევნო ტურში „სასუოლოს“ უმასპინძლებს.





