ფეხბურთი

22:40 | 9.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიან რუისი: "საოცარი თანაგუნდელები მყავს და ჩვენი შედეგებიც ამის დამსახურებაა"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ფაბიან რუისმა „ბილბაოსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

როგორც ესპანელმა აღნიშნა, 2025 წელს კლუბისთვის ძალიან კარგი იყო და ეცდებიან, რომ ის საუკეთესოდ დაასრულონ.

„ჩემპიონთა ლიგა შესანიშნავი ტურნირია, რომელიც ყოველთვის ძალიან რთულია. ვიცით, რომ „ბილბაოსთან“ რთული მატჩი იქნება, მაგრამ მზად ვიქნებით, ყველაფერი გავაკეთოთ გამარჯვებისთვის. 2025 წელი ჩვენთვის, გუნდისთვის, კლუბისთვის, ყველა გულშემატკივრისთვის არაჩვეულებრივი წელი იყო. ეს ყველა პარიზელისთვის დაუვიწყარი წელი იქნება და ვიმედოვნებთ, რომ მას ძლიერად დავასრულებთ, იქნება ეს ევროპულ ასპარეზზე თუ ლიგა 1-ში.

გამიმართლა, რომ მთელი კარიერის განმავლობაში, ესპანეთში, იტალიაში და აქაც, რამდენიმე შესანიშნავ ფეხბურთელთან ერთად მითამაშია. ჩემი ამჟამინდელი თანაგუნდელები წარმოუდგენლები არიან და ყველას შეუძლია სხვადასხვა პოზიციაზე თამაში. ეს დადებითია და სწორედ ამიტომ ვიღებთ კარგ შედეგებს.

„სან მამესი“ რეგიონში ერთ-ერთი ულამაზესი სტადიონია, ატმოსფერო შესანიშნავია, გულშემატკივრები ნამდვილად უჭერენ მხარს თავიანთ გუნდს. ვიცით, რომ ეს ჩვენთვის რთული მატჩი იქნება და ამასთანავე, ეს სამი ქულა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა ვითამაშოთ შესანიშნავი მატჩი, არ დავუშვათ შეცდომები და ვითამაშოთ ჩვენი თამაში“, - თქვა ფაბიან რუისმა.

შეგახსენებთ, რომ „ბილბაოსა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი 10 დეკემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096098