„ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა მარსელინომ ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში „კოპენჰაგენთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. ესპანელი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი ტურნირზე პირველ გამარჯვებას მოიპოვებს.
„ვფიქრობ, რომ ჩემპიონთა ლიგაში საერთო ჯამში ძალიან კარგად ვთამაშობთ, მაგრამ კვიპროსში დიდი შეცდომა დავუშვით. ამ მოულოდნელმა მარცხმა კი ჩვენი კარგი სერია გააფუჭა. სხვა შემთხვევაში ძალიან რთულ მეტოქეებს შევხვდით, როგორიცაა გერმანიის მეორე საუკეთესო გუნდი „დორტმუნდი“, იტალიაში ყველაზე მეტი ტიტულის მქონე კლუბი „იუვენტუსი“, ევროპა ლიგის გამარჯვებული „ტოტენჰემი“ და „მანჩესტერ სიტი“.
პატივს ვცემთ ჩვენს მეტოქეს, რადგან ვხედავთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე უმცირესი შეცდომისთვისაც კი ისჯები. ნებისმიერი შეცდომა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს. ვეცდებით, შეცდომები არ დავუშვათ და კონცენტრაცია არ დავკარგოთ. ამ მატჩს ისევე მივუდგებით, როგორც ყველა სხვას მივუდექით - გამარჯვების და კონკურენციის სურვილით.
კლუბში ყველას გამარჯვება სურს. ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბს, კლუბის დანარჩენ წევრებს და გულშემატკივრებს. უნდა დავტკბეთ ჩემპიონთა ლიგით, მასში მონაწილეობით და ასევე გვინდა ვისიამოვნოთ გამარჯვებით. უნდა ვიბრძოლოთ, რადგან ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება გვინდა. გუნდი ამას იმსახურებს. მცირე დეტალებმა ხელი შეგვიშალა პირველი გამარჯვების მოპოვებაში, მაგრამ ვაპირებთ ვიბრძოლოთ იმ გამარჯვებისთვის, რომელიც გვსურს, რომელიც გვჭირდება და რომელიც, ეჭვგარეშეა, მოთამაშეებს ეკუთვნის“, - თქვა მარსელინომ.
შეგახსენებთ, რომ „ვილიარეალს“ ჩემპიონთა ლიგაზე ერთადერთი ქულა აქვს, ხოლო ესპანეთის ჩემპიონატში ბრწყინავს და მესამე ადგილზეა, თანაც ბოლო 6 მატჩი მოიგო (ლა ლიგაში). გიორგი მიქაუტაძეს „ვილიარეალის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 16 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, ორჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.









