„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა „ოსასუნასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
როგორც მან თქვა, რთულ მატჩს ელოდება, რადგან არცერთ ტურნირზე ადვილი თამაში არ არსებობს:
„ყველა ტურნირში, ყველა მატჩი რთულია, თუ 100%-ით არ იხარჯები. კარგად მოვემზადეთ: არ აქვს მნიშვნელობა, ვის ვეთამაშებით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სამი ქულის მოსაპოვებლად. ბოლო ვარჯიშებზე შესანიშნავი ხარისხი დავინახე. შიდა კონკურენცია გადამწყვეტია: ეს აუმჯობესებს გუნდს და ამაღლებს ვარჯიშის დონეს.
ერიკ გარსია ბოლო მატჩებში კარგად თამაშობდა, საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე, მაგრამ მას შეუძლია ბევრ პოზიციაზე თამაში, მისი მრავალმხრივობა ბევრ ვარიანტს გვაძლევს.
დე იონგს გარკვეული ფიზიკური პრობლემები ჰქონდა და ფორმაში დაბრუნება სჭირდება, მაგრამ ეს არ მაშფოთებს: მთავარია მოედანზე ყველაფერი გავაკეთოთ. სატურნირო ცხრილი? დეკემბერია, სეზონი გრძელია და საკუთარ თავს უნდა შევხედოთ. ჩვენი საბოლოო პოზიცია განსაზღვრავს, რას ვიმსახურებთ. არ ვფიქრობთ „რეალზე“, ჩვენი ერთადერთი მიზანი ბარსაა.
ჟოან გარსია ჩვენი პირველი ნომერია და ძალიან კარგად თამაშობს. ბალდე ახალგაზრდაა, ტრავმის შემდეგ გულმოდგინედ ვარჯიშობს და დიდი პოტენციალი აქვს“, - თქვა ფლიკმა.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ლა ლიგას ლიდერობს და მადრიდის „რეალს“ 4 ქულით უსწრებს. ჰანსი ფლიკის გუნდი „ოსასუნას“ 13 დეკემბერს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაუპირისპირდება.






