გერმანიის II ბუნდესლიგის მე-16 ტურში „ნიურნბერგი“ გელზენკირხენის „შალკეს“ ესტუმრა, რომელთანაც დაძაბულ ბრძოლაში 0:1 დამარცხდა.
ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა და გოლთანაც ახლოს იყო: მეორე ტაიმის შუაში „შალკეს“ მეკარე ლორის კარიუსთან პირისპირ დარჩა, მაგრამ გერმანელმა მეკარემ მისი დარტყმა მოიგერია. ლოჩოშვილმა პირველ ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო.
II ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ლოჩოშვილმა 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.
„ნიურნბერგი“ 19 ქულით მე-11 ადგილზეა და მომდევნო ტურში 21 დეკემბერს, „ჰანოვერს“ უმასპინძლებს. „შალკე“ ლიდერობს მეორე ბუნდესლიგას და ზამთრის ჩემპიონიც გახდა.






