სერია A-ს მე-15 ტურში „ნაპოლი“ „უდინეზეს“ ესტუმრა და მორიგი მარცხი განიცადა.
ანტონიო კონტეს გუნდისთვის მნიშვნელოვანი მატჩი იყო, მოგებით ერთპიროვნულად გალიდერდებოდა, რადგან „მილანის“ წაფორხილების შესახებ იცოდა, თუმცა შანსი ვერ გამოიყენა.
პირიქით, „ბენფიკასთან“ ცუდი მატჩის შემდეგ კონტეს ბიჭებმა კიდევ ერთი თამაში ჩააგდეს და უშანსოდ წააგეს, რადგან საგოლე მომენტი თითქმის არ ჰქონიათ, ხოლო უდინელებს უფრო ზუსტად რომ ეთამაშათ, გაცილებით დიდი სხვაობით მოიგებდნენ, ბოლოს და ბოლოს, „უდინეზეს“ ორი გოლი არ ჩაუთვალეს. სამაგიეროდ, ჩაითვალა იურგენ ეკელენკამპის ულამაზესი გოლი, რამაც მატჩის ბედი გადაწყვიტა, როცა ნიდერლანდელმა 73-ე წუთზე გაიტანა - 1:0.
საბა გოგლიჩიძე თამაშში 94-ე წუთზე ჩაერთო და ბურთსაც ვერ შეეხო, მაგრამ რომ ითამაშა, მაინც კარგია, რადგან ეს იყო მისი პირველი მატჩი „უდინეზეში“ 29 ოქტომბრის შემდეგ. ქართველის აქტივში სერია A-ს მიმდინარე სეზონში 7 მატჩია. „ნაპოლი“ 31 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო „უდინეზე“ 21 ქულით მეათე პოზიციას იკავებს.
ისევ დამარცხდა „ფიორენტინა“, რომელმაც საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტ „ვერონასთან“ 1:2 წააგო. ფლორენციული კლუბი, რომელმაც სეზონი ევროზონაში მოხვედრის ამბიციებით დაიწყო, 15 ტურის თავზე მოგების გარეშეა (6 ფრე, 9 წაგება), შედეგად, 6 ქულით სატურნირო ცხრილში ფსკერზეა - ბოლო ადგილზე. არ ყოფილა შემთხვევა, რომ სერია A-ში ადგილი შეენარჩუნებინოს გუნდს, რომელიც 15 ტურში მოგების გარეშე იყო... „ფიორენტინას“ საქმე მძიმედაა.






