ფეხბურთი

10:00 | 15.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

სიყვარულს რას გაუგებ...

ჩვენს მკითხველს თავიდან ბოდიში უნდა მოვუხადო კიდევ ერთხელ რომ მიწევს ფლორენციის „ფიორენტინას“ ვაებაზე წერა. ანუ წერა იმაზე, რასაც ვერ შეცვლი და ერთადერთი, რაც შეგიძლია, თავში ცემაა, რაც დამეთანხმებით, არც კარგი სანახავია და ფეხბურთთანაც ნაკლები კავშირი აქვს. მაგრამ „სიყვარულს რას გაუგებ, ჩემო ოლღაო“ - უთქვამს ერთს და ასეა გუნდის სიყვარულის ამბავიც. ბავშვობაში აიჩემებ რაღაცას და მერე მთელი ცხოვრება მოგყვება და ვერც მოგყვება, კოჭლი ცხვარივით.

„ფიორენტინა“ განსაკუთრებული გრანდი არასოდეს ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, დიადი კურტ ჰამრინის ეპოქის მერე ამ გუნდს ისეთი არაფერი უქნია, საუკეთესოთა შორის რომ მიეთვალათ. თვით გაბრიელ ბატისტუტას ზეობის დროსაც კი, “ფიორენტინა” ვერ გასცდა საშუალოზე მეტის შემძლე კლუბის სტატუსს და ამას ისიც ადასტურებს, რომ სულ ერთხელ - 1998-1999 წლების სეზონში ჰქონდა იტალიის ჩემპიონობის რეალური შანსი და მაშინაც „მილანთან“ დამტვრეული ბატისტუტას შემცვლელმა, ბრაზილიელმა ედმუნდომ იმის ნაცვლად, რომ კლუბს გამოსდგომოდა, დაადო თავი და ბრაზილიაში რიოს კარნავალზე გაქუსლა, თითქოსდა, ხსენებული კარნავალი სადმე გაიქცეოდა და შემდეგ წელს აღარ გაიმართებოდა.

წუთისოფელივით ამბავია. სულ ოხვრასა და ვაებაში იყო ფლორენციული კლუბი და მისი ქომაგი, თუმცა ყველაზე მძიმე დროსაც კი ჰქონდა რაღაც, თუნდაც მცირედი გამონათებები და ის განსაკუთრებულობა, რაც მხოლოდ ამ გუნდს გააჩნდა. ამ „რაღაცის“ გამო ქომაგებს გულში მუდამ ჰქონდათ უკეთესი მომავლის იმედი. შეიძლება უკანა ხაზი ჩავარდნილი და საცოდავი გვყოლოდა, მაგრამ სამაგიეროდ ერთი ისეთი თავდამსხმელი ან თუნდაც გოლკიპერი მაინც გვყავდა, რომელსაც იმედის გაჩენა შეეძლო. შარშან მაგალითად ასევე უცუდესი გუნდი იყო „ფიორენტინა“, მაგრამ „მკვდრეთით აღმდგარმა“ ლეგენდარულმა ესპანელმა გოლკიპერმა დე ხეამ გუნდს ახალი სული შთაბერა და მომავლის იმედებიც გააჩინა. შარშან უამრავმა ადამიანმა მითხრა, რომ „იებს“ დე ხეას გამო ქომაგობდა.

“ვიოლას” მწვრთნელებიც უცნაურები, მაგრამ მაინც გამორჩეულები ჰყავდა ხოლმე. აგერ სულ ახლახანს ვინჩენცო იტალიანომ გუნდი ორჯერ გაიყვანა კონფერენს ლიგის ფინალში (სამწუხაროდ ორივე წააგო) და ამის შემდეგ იკრა ქუსლი და არა რომელიმე გრანდში, არამედ მაშინ „ფიორენტინაზე“ ბეჩავ „ბოლონიაში“ წავიდა, სადაც თავისი კვალი მალევე დაატყო და ემილია რომანიელების თამაშის შემხედვარე ტოსკანელ ქომაგებს ალბათ სიმწრის ოფლი ასხამთ.

სრულიად შტერი და თავღია მწვრთნელებიც ყოფილან, რომელთაგან არაფერი გამოითლებოდა, მაგრამ ხსენებული „რაღაც“ მუდამ ჰქონდათ მწვრთნელებსა თუ მათ შეგირდებს.

ახლა კი „ფიორენტინა“ არის გუნდი, რომლისაგანაც კარგს არავინ არაფერს მოელის. ან რას უნდა მოელოდე კლუბისგან, რომელსაც ფეხბურთელების უმეტესობა იჯარით ჰყავს გუნდში მიყვანილი. იჯარა კი, მოგეხსენებათ იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელმა იცის გუნდში დროებითაა და არც თავს მოიკლავს ზედმეტი გარჯით და ტრავმის მიღებასაც ძალიან მოერიდება. ანდა რა მოტივაცია უნდა ჰქონდეს გუნდს, რომელსაც ერთი შემადგენლობა ზედიზედ ორი წელი ბოლოს როდის ჰყავდა, არც კი მახსოვს. გუნდიდან ვინ მიდის და ვინ მოდის, ამის სათანადოდ გაგებას და აღწერას ბერძენი ჟამთააღმწერელიც კი ვერ მოახერხებს.

არსებობს საერთო მოსაზრება, რომ წლეულს „ფიორენტინა“ სერია „ა“-დან გავარდება, რაც სამწუხაროდ ლოგიკური იქნება, მაგრამ როგორც დასაწყისში ვთქვი, „სიყვარულს რას გაუგებ“ და სადაც ბრმა სიყვარულია, იქ ბრმა იმედებიცაა. ოღონდ რისი იმედი, - ზუსტად მეც კი არ ვიცი...

P.S. გუშინ „ფიორე“ ისევ დამარცხდა, სახლში „ვერონასთან...

თეგებიფიორენტინა
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092844