crocobet დიდი 10-ის მე-11 ტურში ქუთაისის ‘აიამ’ 12-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ 38 უპასუხო ქულა გაიტანა და აუტსაიდერ ‘ყაზბეგთან’ ბონუს-ქულით, 38:12 გაიმარჯვა.
მიუხედავად სოლიდური სხვაობით გამარჯვებისა ქუთაისელებს მძიმე თამაში გამოუვიდათ. ისინი პირველ ტაიმში ხშირად ცდებოდნენ, რამაც სტეფანწმინდელებს უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობა მისცა. ტაიმის შუაში ვაჟა მაისურაძემ 5-მეტრიანთან ჯარიმა სწრაფად გაითამაშა და ლელოთი ანგარიში გახსნა. 29-ე წუთზე ნიკოლოზ ცოფურაშვილმა მასპინძელთა მეორე ლელო გაიტანა. ლუკა სახელაშვილმა ორიდან ერთი გარდასახა.
‘აიამ’ პირველი სალელოვე შეტევის განხორციელება ტაიმის ბოლოს მოახერხა. ნოდარ დოლიძემ მეტოქის შეცდომით ისარგებლა, შერკინების შემდეგ ხაზი სუფთად გაჭრა და მისი ლელო გიორგი ბაბუნაშვილმა გარდასახა - 12:7.
ქუთაისელები მეორე ტაიმში უკეთ ათამაშდნენ და ლევან ქუშაშვილის სინბინის შემდეგ რიცხობრივი უპირატესობით კარგად ისარგებლეს. 49-ე წუთზე მათმა კვაჭმა ომარ ჯანგავაძემ შესანიშნავად ითამაშა, ფრთაზე კონტაქტით ოთხი მბოჭავი ჩამოიცილა, დაახლოებით 25 მეტრი იარა და ალამთან გატანილი ლელოთი წონასწორობა აღადგინა, ხოლო ბაბუნაშვილმა რთული პოზიციიდან გარდასახვით სტუმრები დააწინაურა. სამ წუთში ფეხით გადაკიდებისა და ბურთის ხელდახელ ჩათამაშების შემდეგ იმავე ფრთაზე ლელო უკვე საბა შარვაშიძემ მიითვალა. ბაბუნაშვილმა ესეც გარდასახა და ტაიმის შუაში მონაგარი არეკნით გაზარდა.
დასკვნით 10 წუთში ‘ყაზბეგი’ გატყდა. 70-ე წუთზე ბაბუნაშვილის დროული პაუზისა და გადაცემის შემდეგ ლელო ოთარ გიორგაძემ გაიტანა, უკვე გაწითლებულ დროზე კი ელგუჯა მახარეიშვილზე ბოჭვა გაფუჭდა, მანაც ხაზი გაჭრა, ორ მცველს გვერდი აუარა და ბონუსის მომტანი ლელო დაამიწა. ბაბუნაშვილმა გარდასახვებით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 38:12. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ომარ ჯანგავაძე გახდა.
‘აიას’ სატურნირო ცხრილში 38 ქულა მოუგროვდა და მესამე ადგილზეა. ის ‘არესს’ 5, ხოლო ‘ბათუმს’ 1 ქულით ჩამორჩება. ‘ყაზბეგი’ 12 ქულით ბოლო ადგილზე რჩება.
RUGBY.GE









