54 წლის ინგლისელმა სპეციალისტმა რიჩარდ ქოქრილმა ორწლიანი მოღვაწეობის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ‘შავი ლომის’ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ინფორმაცია ოფიციალურად საქართველოს რაგბის კავშირმა დაადასტურა.
როგორც ცნობილი ფრანგული გამოცემა Lequipe-ი იტყობინება, რიჩარდ ქოქრილის ადგილს ფრანგი სპეციალისტი ფრენკ აზემა დაიკავებს. მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ყველაფერი მალე გაირკვევა. წყარო იმასაც წერს, რომ თავდაპირველად საქართველოს რაგბის კავშირი მოლაპარაკებებს "ბრივის" მთავარ მწვრთნელ პიერ-ანრი ბრონკანთან აწარმოებდნენ, თუმცა ეს გარიგება ჩაიშალა.
რაც შეეხება ფრენკ აზემას, ის ამ ეტაპზე უმუშევარია, თუმცა კარიერის განმავლობაში "ტულონს", "კლერმონს" და ბოლოს "პერპირიანს" წვრთნიდა. აღსანიშნავია, რომ "კლერმონი" მისი ხელმძღვანელობით 2017 წელს საფრანგეთის Top 14-ის გამარჯვებული გახდა.
შეგახსენებთ, რომ ქოქრილმა საქართველოს რაგბის კავშირთან კონტრაქტი 2024 წლის იანვარში გააფორმა და "ბორჯღალოსნებთან" ერთად, ქართული ფრენჩაიზის თავკაციც გახდა.
მისი თავკაცობით საქართველოს ნაკრებმა ორჯერ მოიგო რაგბი ევროპის ჩემპიონატი (2024 და 2025 წლებში) და მოიპოვა 2027 წლის ავსტრალიის მსოფლიო თასის საგზური.
2024 წელს "ბორჯღალოსნებმა" ქოქრილის ხელმძღვანელობით მესამე გამარჯვება მოიპოვა ტიერ1-ის გუნდთან. მთლიანობაში, ინგლისელის თავკაცობით საქართველოს ნაკრებმა ორი წლის განმავლობაში 22 თამაში ჩაატარა და 14 გამარჯვება მოიპოვა.









