ფეხბურთი

23:55 | 17.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი და მე-5 ტიტული: პსჟ-მ საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო

"პარი სენ-ჟერმენმა" საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ ფინალში გოლი გაიტანა. ლუის ენრიკეს გუნდმა, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის სტატუსით ლიბერტადორესის თასის ჩემპიონის, "ფლამენგოს" წინააღმდეგ ითამაშა, რომელსაც დაძაბულ ბრძოლაში აჯობა.

ფინალურ მატჩში პსჟ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მომენტები სათანადოდ ვერ გამოიყენა. ამის მიუხედავად, ლუის ენრიკეს გუნდი მაინც დაწინაურდა. 38-ე წუთზე სწრაფი შეტევა გოლით ხვიჩა კვარაცხელიამ დაასრულა, რომელმაც მეკარის შეცდომა გამოიყენა, სწორ დროს სწორ ადგილას იყო და ცარიელ კარში გატანა არ გასჭირვებია.

კვარა პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც საკონტინენტთაშორისო თასზე გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელი 90-ე წუთზე, დამატებითი დროის დაწყებამდე შეცვალეს. დამატებითი დრო კი იმიტომ დაინიშნა, რომ ხვიჩას გოლი მეორე ტაიმის სტარტზე ჟორჟინიომ პენალტით გაქვითა და წონასწორობა აღადგინა - 1:1.

დამატებით დროშიც არაფერი შეცვლილა, ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა. იქ პსჟ-ს სათადარიგო მეკარემ, მატვეი საფონოვმა გაიბრწყინა, რომელმაც ხუთიდან ოთხი პენალტი მოიგერია - მან ზედიზედ აჯობა საულ ნიგესს, პედროს, ლეო პერეირას და ლუის არაუჟოს. პსჟ-მაც ვერ გაიტანა ორი პენალტი (უსმან დემბელემ და ბრედლი ბარკოლამ), მაგრამ საბოლოოდ, "ფლამენგომ" 5-დან ერთადერთი პენალტი გაიტანა (პირველი), პარიზელებმა ოთხიდან ორი (ვიტინიამ და ნუნუ მენდეშმა), შედეგად, პსჟ-მ პენალტების სერიაში 2:1 იმარჯვა და საკონტინენტთაშორისო თასი ისტორიაში პირველად მოიგო.

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 21 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.

ქართველმა ფეხბურთელმა პსჟ-ში, სადაც ზუსტად 11 თვის წინ გადავიდა, ხუთი ტიტული უკვე მოიგო: ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი, ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთა შორისო თასი. გარდა ამისა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგებასთანაც ახლოს იყო - ფინალი წააგეს.

პსჟ - "ფლამენგო" 1:1 (1:0) პენ: 2:1

გოლები: 1:0 კვარაცხელია (38), 1:1 ჟორჟინიო (62, პენ)

პენალტები: 0:1 დე ლა კრუსი, 1:1 ვიტინია, 1:1 საული (მეკარე), 1:1 დემბელე (ააცილა), 1:1 პედრო (მეკარე), 2:1 ნუნუ მენდეში, 2:1 ლეო პერეირა (მეკარე), 2:1 ბარკოლა (მეკარე), 2:1 ლუის არაუჟო (მეკარე)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092549