XXV ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლები გახსნის ცერემონიაზე დიდი დღესასწაულის მოწყობას გეგმავენ. ცერემონიის მიზანი იქნება ჰარმონიაში მოიყვანოს და გააერთიანოს ქალაქი და მთა, ტრადიციები და მომავალი, ხელოვნება და სპორტი.
2026 წლის თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ცნობით, ისტორიაში პირველად, დელეგაციათა აღლუმი ერთდროულად ოთხ სივრცეში გაიმართება: მილანის „სან სიროს" სტადიონზე და ალპურ სივრცეებში - კორტინა, პრედაცო და ლივინიო.
აღლუმი საშუალებას მისცემს სპორტის ყველა სახეობის თუ დისციპლინის წარმომადგენელს, მიუხედავად გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა, მონაწილეობა მიიღონ ერთსა და იმავე ღონისძიებაში.
თამაშები, რომელიც 6-დან 22 თებერვლამდე გაგრძელდება, გაიშლება ლომბარდიასა და ვენეტოში, ასევე სამხრეთ ტიროლისა და ტრენტინოს ავტონომიურ პროვინციებში.
ერთი სიტყვით, ეს იქნება ისტორიაში გეოგრაფიულად ყველაზე მრავალფეროვანი გახსნის ცერემონია, ახლებური სტრუქტურით, რომელიც ყველა სპორტსმენს, მიუხედავად ადგილებს შორის მანძილისა, აძლევს მონაწილეობის შესაძლებლობას. მაგალითად, ავსტრიის საზღვართან ახლოს, ანტერსელვაში მოასპარეზე ბიათლონისტები აღლუმს კორტინაში შეუერთდებიან, ხოლო ბორმიოში მყოფი ვაჟი მოთხილამურეები ლივინიოში გამოვლენ, რაც მათი შეჯიბრების არეალიდან სულ რაღაც 45 წუთის სავალზეა.
აღსანიშნავია, რომ თითოეულ ქვეყანას ეყოლება ორი მედროშე, რომლებიც შეიძლება სხვადასხვა ადგილას გამოჩნდნენ, ხოლო მასპინძელი იტალია ოთხი მედროშით, ორი კაცი და ორი ქალი სპორტსმენით წარდგება.
ოლიმპიური ცეცხლი, ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო, ასევე ორ ადგილზე აგიზგიზდება - მილანის გულში „მშვიდობის თაღთან" და კორტინას მთავარ - პიაცა დიბონას მოედანზე.
გახსნის ცერემონიის შემოქმედებითი პროდიუსერი არის მარკო ბალიხი, რომელსაც ოლიმპიური და პარალიმპური ცერემონიების შექმნისა თუ რეჟისორის ათ წელზე მეტი გამოცდილება აქვს. ბალიხის გუნდში არიან სიმონე ფერარი და დამიანო მიკიელეტო - როგორც შემოქმედებითი დირექტორები, ლიდა კასტელი -პროტოკოლის ხელმძღვანელი და ლულუ ჰელბეკი -არტ-დირექტორი. პაოლო ფანტინი საპროდუქციო დიზაინს უხელმძღვანელებს, ანდრეა ფარი მუსიკას გაუწევს ზედამხედველობას, ხოლო მასიმო კანტინი პარინი კოსტიუმების შექმნაზე იქნება პასუხისმგებელი
შემოქმედებით გუნდში იქნება იტალიელი მსახიობი, მატილდა დე ანჯელისი, რომელიც წარმოდგენის ერთ-ერთი ხმა, მისი მთხრობელი იქნება.
რაღაც დოზით ცნობილია მთავარი სცენის დიზაინიც. ეს იქნება მონუმენტური სტრუქტურა, რომელიც მიზნად ისახავს ყველა ოლიმპიური ტერიტორიის ვიზუალურად დაკავშირებას. ორგანიზატორები მას აღწერენ, როგორც "სიმბოლურ პლატფორმას, რომელიც აერთიანებს „მთებს ქალაქთან" და ქმნის ბალანსის იდეას, რომელიც მთელ შოუს შთააგონებს. „სან სიროს" სტადიონზე განთავსდება თვალწარმტაცი სპირალის ფორმის ლედ სცენა, რომელიც მოედანს დინამიკურ ცენტრად გადააქცევს.
ასევე ცნობილია, რომ გახსნის ცერემონიაზე პატივს მიაგებენ ჯორჯო არმანის, იტალიური ესთეტიკური იდენტობის საკვანძო ფიგურას და ეროვნული ოლიმპიური გუნდის მრავალწლიან პარტნიორს, რომელიც 4 სექტემბერს, 91 წლისა გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ არმანი ათწლეულების განმავლობაში მოსავდა იტალიის ოლიმპიურ ნაკრებს.
გახსნის ცერემონიაზე ვიზუალურად და ემოციურად იქნება წარმოდგენილი ამბავი, რომელიც მოიცავს „ხელოვნებასა და ინოვაციას, ბუნებასა და ქალაქს, ტრადიციასა და მომავალს". ასევე გააცოცხლებენ ისეთ ფიგურებს, როგორიცაა ლეონარდო და ვინჩი და სხვა დიდი იტალიელი ხელოვანები და გამომგონებლები. წარმოდგენილი იქნება იტალიისთვის დამახასიათებელი დიზაინი, გასტრონომია, მუსიკა და ელეგანტურობა.
საორგანიზაციო კომიტეტი მიზნად ისახავს მშვიდობის, ერთიანობისა და საერთო სილამაზის უნივერსალური გზავნილის გადმოცემას.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ცნობით, 6 თებერვალს „სან სიროს" სტადიონზე გახსნის საზეიმო ცერემონიაზე იმღერებს ხუთი „გრემის" პრემიის მფლობელი, ამერიკელი მომღერალი მერაია ქერი.
„ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა ქერის ბრწყინვალე კარიერაში პირველად მოხდება. ეს იქნება სელინ დიონის და ლედი გაგას ტრადიციების გაგრძელება, რომლებმაც პარიზის 2024 წლის თამაშების გახსნის ცერემონიაზე იმღერეს," - ნათქვამია IOC-ის განცხადებაში.
GEONOC.ORG.GE








