22:30 | 19.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | არმია 30:18 არესი

თბილისის ‘არმიამ’ crocobet დიდი 10-ის მე-12-ე ტურის პირველ მატჩში ქუთაისის ‘არესს’ 30:18 სძლია და „სარბიელის სინი“ შეინარჩუნა.

ეს იყო ამ გუნდების ბოლო თამაში 2025 წელს. არმიელები ბოლო დროს განსაკუთრებით კარგად გამოიყურებიან, ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვეს და ახალ წელს საფლეიოფო ექვსეულში ხვდებიან. მოცემული მომენტისთვის მათ 27 ქულა აქვთ და მე-5 ადგილზე არიან, უახლოესი მდევარი ‘ლელო’ (23 ქულა) კი ტურის შეხვედრას კვირას, ქუთაისში ‘აიასთან’ გამართავს.

‘არესმა’ მიმდინარე სეზონში მესამე მარცხი განიცადა. 43 ქულით ის პირველ ადგილს ინარჩუნებს, თუმცა მისი მდევრები ‘ბათუმი’ (39 ქულა) და ‘აია’ (38 ქულა) თავიანთ თამაშებს ხვალ და ზეგ გამართავენ.

„რაგბი პლატოზე“ მისულმა მაყურებელმა საინტერესო თამაში იხილა. განსაკუთრებით სანახაობრივი პირველი ტაიმი გამოდგა. მასპინძლები ფლობდნენ ინიციატივას და მერლს პიტერსმა ჯარიმით ანგარიში მე-5 წუთზე გახსნა. მე-10 წუთზე სოლომონი რაუნგემ საკუთარ 22-ში ფეხით ცუდად ითამაშა, ანდრე მანუელმა მეტოქეს ჰაერში ბურთი მოუხსნა, ერთი მოძრაობით მეორე მცველი უსაქმოდ დატოვა და მარცხენა ალამთან ლამაზი ლელო გაიტანა. პიტერსმა რთული პოზიციიდან გარდასახა.

‘არესს’ დერეფანში პრობლემები ქონდა, თუმცა შერკინებაში დომინირებდა და მე-14 წუთზე საპასუხო ლელო გაიტანა. 5-მეტრიანი შერკინების შემდეგ არსენ მაჩალაძემ ძალისმიერ სტილში შეუტია და თანაგუნდელების დახმარებით ლელოს უწია, ცოტნე კვესელავამ კი გარდასახა. მე-18 წუთზე არმიელთა ფრთა მანუელმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა. მან ცენტრალურ ხაზთან, მარცხენა ფრთაზე მიიღო ბურთი, ცრუმოძრაობების სერიით რამდენიმე მეტოქეს გვერდი აუარა და სანახაობრივი ინდივიდუალური ლელო ძელებსშუა გაიტანა. პიტერსმა გარდასახა.

‘არესმა’ კვესელავას ორი ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, რაზეც პიტერსმა 32-ე წუთზე ასევე ჯარიმით უპასუხა. მერე მანუელი სინბინით დაისაჯა და ‘არმია’ მოედანზე 10 წუთით კაცნაკლული დარჩა, თუმცა თავი კარგად დაიცვა და ტაიმი 20:13 დასრულდა.

მეორე ტაიმში დაძაბულობამ იმატა, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში ანგარიში უცვლელი რჩებოდა. 67-ე წუთზე უპირატესობა კვლავ ‘არმიამ’ გაზარდა. მასპინძლებმა მეტოქის 5-მეტრიანში კომბინაცია იდეალურად გაითამაშეს და მიზანს იაგო გელაძემ უწია. პიტერსმა გარდასახვის შემდეგ ჯარიმაც გაიტანა და საკუთარი გუნდის უპირატესობა 17 ქულამდე გაზარდა.

დასკვნით წუთებში თბილისელებს დისციპლინაში გაუჭირდათ და სინბინით ერთი მეორეს მიყოლებით ვახტანგ ქვათაძე, პიტერსი და გიორგი გამყრელიძე დაკარგეს. ‘არესმა’ რიცხობრივი უპირატესობით ბოლო წუთზე ისარგებლა და ზურა ძნელაძემ ერთი ლელო გაქვითა, მაგრამ გაწითლებულ დროზე შედეგიანი შეტევა ვეღარ განახორციელა და უქულოდ დარჩა - 30:18 ‘არმიას’ სასარგებლოდ.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ანდრე მანუელი გახდა.

RUGBY.GE

0.169167