რაგბი

19:15 | 20.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ხარები 27:19 ხვამლი

crocobet დიდი 10-ის მე-12 ტურში რუსთავის ‘ხარებმა’ თბილისის ‘ხვამლს’ 27:19 სძლია და მეოთხე პოზიციაზე გამაგრდა.

რუსთაველები ბოლო დროს საუკეთესო ფორმაში შევიდნენ, 6-იდან 5 თამაში მოიგეს, ის ერთი ფრედ დაასრულეს და 34 ქულა მოაგროვეს. ‘ხვამლს’ ნუგეშ-ქულის აღების შესაძლებლობა ქონდა, მაგრამ ამით ვერ ისარგებლა და 21 ქულით ჯერჯერობით მე-7 პოზიციაზეა.

„ხარები არენაზე“ გამართული შეხვედრა კარგი სანახავი აღმოჩნდა. მან თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა და ანგარიში სტუმრებმა მე-10 წუთზე გახსნეს. ‘შავი ლომიდან’ დამატებულმა ზაურ ლუტიძემ ხაზი სუფთად გაჭრა და მისი ლელო ლაშა მალაღურაძემ გარდასახა. ‘ხარებმა’ წონასწორობა ტაიმის შუაში აღადგინა - რატუ საინივალატიმ მოედნის ცენტრში აართვა ბურთი მეტოქეს და ძელებსშუამდე ირბინა, დავით მოძღვრიშვილმა გარდასახვიდან ანგარიში გაათანაბრა.

ტაიმის დასკვნით წუთებში ინიციატივას მასპინძლები დაეუფლნენ და 31-ე წუთზე კარგი ხელდახელ შეტევის შემდეგ დაწინაურდნენ. მაიკელი როკონდინონომ მარჯვენა ფრთაზე გაჭრა ხაზი, მცველი აიყვანა და დავით ხუროშვილს გადაცემა არ დაუგვიანა, რომელმაც თავის მხრივ ოფლოუდით ლელოში ლევან ნარიმანიძე შეუშვა. მოძღვრიშვილმა გარდასახვის შემდეგ ჯარიმაც გაიტანა -17:7.

მეორე ტაიმში ‘ხვამლმა’ შეძლო ტერიტორიული უპირატესობის მოპოვება და თაზო ჭამიაშვილის სინბინის შემდეგ რიცხობრივი უპირატესობაც მიიღო, თუმცა შეცდომებმა მათ ამის გამოყენების შესაძლებლობა არ მისცა. 53-ე წუთზე ‘ხარებმა’ მეტოქის მორიგი შეცდომის შემდეგ საკუთარი 22-იდან კონტრშეტევა წამოიწყო და ის ხუროშვილის ლელოთი დასრულდა. მოძღვრიშილის გარდასახვა კვლავ ზუსტი იყო.

თბილისელები ინიციატივას ინარჩუნებდნენ, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში მის გამოყენებას ვერ ახერხებდნენ. 68-ე წუთზე მათი სახიფათო შეტევა 5-მეტრიანთან როკონდინონომ წესების დარღვევით შეაჩერა და ამჯერად ‘ხვამლმა’ უპირატესობით ისარგებლა. 3 წუთში თავისი მეორე, ძალისმიერი ლელო ლუტიძემ შეიტანა, ხოლო 76-ე წუთზე სწრაფი ხელდახელ შეტევისა და ფეხით შეცურების შემდეგ კიდევ ერთი ბაჩანა მონიავამ მიითვალა. მალაღურაძემ ერთი გარდასახა და სხვაობა 5 ქულამდე დავიდა.

მაგრამ დასკვნით წუთებში სტუმრებმა შედეგიანი შეტევის განხორციელება ვეღარ მოახერხეს, პირიქით, დაჯარიმდნენ და სანდრო ილურიძემ ჯარიმა აქეთ გაიტანა, რითაც თბილისელები ნუგეშ-ქულის გარეშე დატოვა - 27:19. მატჩის საუკეთესო მოთამაშე რატუ საინივალატი გახდა.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097828