ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ში ოთხეულს მიუახლოვდა. ლუჩანო სპალეტის გუნდმა საკუთარ მოედანზე კონკურენტი „რომა“ დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
„იუვე“ მთელი თამაშის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა და უამრავი საგოლე მომენტი შექმნა, რომლებიც უკეთ რომ გამოეყენებინა, უფრო მშვიდად მოიგებდა, ვიდრე მოიგო.
ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გაიხსნა: შესანიშნავი კომბინაცია გოლით ფრანსისკო კონსეისაომ დაასრულა. მეორე ნახევარი ტურინელებმა აქტიურად დაიწყეს და რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდათ, თუმცა ვერ გამოიყენეს. სამაგიეროდ, 70-ე წუთზე ლუის ოპენდამ მოახერხა უპირატესობის ორამდე გაზრდა.
„რომამ“ მაინც გაიბრძოლა: 76-ე წუთზე ტომაზო ბალდანციმ შეამცირა სხვაობა, მაგრამ ეს სტუმართა მაქსიმუმი იყო. დარჩენილ დროში „იუვე“ უფრო ახლოს იყო გოლთან, როცა ქენან ილდიზმა ძელი შეაზანზარა. საბოლოოდ, 2:1.
„იუვენტუსმა“ ყველა ტურნირზე ბოლო 7 მატჩიდან მეექვსედ გაიმარჯვა და სპალეტი ნელ-ნელა ახერხებს გუნდის გამოფხიზლებას.
„იუვენტუსი“ 29 ქულით მეხუთე ადგილზეა და მომდევნო ტურში „პიზას“ ესტუმრება, ხოლო „რომა“ 30 ქულით მეოთხეა და „ჯენოას“ უმასპინძლებს.
„იუვენტუსი“ – „რომა“ 2:1 (1:0)
გოლები: 1:0 კონსეისაო (44), 2:0 ოპენდა (70), 2:1 ბალდანცი (76)






