ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გამორჩეული თამაში ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილმა. მიუხედავად იმისა, რომ „ტორონტო რეპტორსი“ „ბოსტონ სელტიკსთან“ 96-112 დამარცხდა, ქართველმა კალათბურთელმა წლევანდელ სეზონში ყველაზე შედეგიანი და ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი აჩვენა.
საქართველოს ნაკრების ფორვარდი ძირითად ხუთეულში იყო და პარკეტზე 29:47 წუთი გაატარა, რა დროშიც 24 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება ჰქონდა.
სანდრომ ფარის მიმართულებით 13-ჯერ ისროლა, მათ შორის კი 9-დან 6 სამქულიანი და 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო. მან ბურთი ორჯერ დაკარგა და ოთხი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
მამუკელაშვილმა 7.5 შეფასება მიიღო, რაც საკუთარ გუნდში ბრენდონ ინგრამთან ერთად საუკეთესო შედეგი იყო. აღსანიშნავია, რომ ამერიკელმაც ქართველის მსგავსად 24 ქულა ჩააგდო, თუმცა მან 35:10 წუთი ითამაშა.
თამაშში ყველაზე შედეგიანი „ბოსტონიდან“ პეიტონ პრიჩარდი იყო. ამერიკელმა კალათბურთელმა 33 ქულით, 7 მოხსნითა და 10 შედეგიანი გადაცემით ორმაგი დუბლი შეასრულა.
„ტორონტო“ ზედიზედ 2 გამარჯვების შემდეგ დამარცხდა და 17 მოგების წილ 12 წაგება დაუგროვდა. ქართველის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა, შემდეგ შეხვედრას კი 22 დეკემბერს, „ბრუკლინ ნეტსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.









