თბილისის ‘წიქარამ’ Crocobet დიდი 10-ის მეთორმეტე ტურში, ‘გორის’ წინააღმდეგობა მეორე ტაიმში გატეხა და 40:29 გაიმარჯვა.
‘წიქარასთვის’ ეს მეხუთე გამარჯვება იყო და ის 25 ქულით საფლეიოფო, მეექვსე ადგილზე დაწინაურდა. ‘გორს’ 13 ქულა დარჩა და ბოლოსწინა მე-9 პოზიციაზეა.
„ავჭალაზე“ ანგარიში მე-11 წუთზე გაიხსნა. ‘წიქარამ’ კარგი ფაზური შეტევა განახორციელა და დიმიტრი ცაბაძის ლელოთი დაწინაურდა. გიორგი ასათიანმა გარდასახვა ვერა, თუმცა მე-20 წუთზე ჯარიმა გაიტანა. ტაიმის შუაში ‘გორმა’ 5-მეტრიანი დერეფნიდან აგორებული მოლით და დიმიტრი ხურცილავას ლელოთი უპასუხა, რომელიც გელა ხელაძემ გარდასახა, 3 წუთში კი მოლის შემდეგ ძალისმიერი ლელო ვლადიმერ გოგოლიძემ გაიტანა და სტუმრები დააწინაურა. ასათიანმა ჯარიმით ჯერ მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, მერე ლისალა ნასენგეს კარგ თამაშს კლავდიუს ხუციშვილის ალამთან გატანილი ლელო მოყვა და ტაიმი 16:12 დასრულდა.
თამაში რომ განახლდა ‘გორი’ გუნდის კაპიტნის, ნიკა ბიწაძის ლელოთი დაწინაურდა და ხელაძემ გარდასახა, თუმცა ამის შემდეგ სტუმრებს დისციპლინაში პრობლემები შეექმნათ. 51-ე წუთზე დიმიტრი ხურცილავამ, ხოლო 53-ეზე პაატა გალდავამ ყვითელი ბარათები მიიღეს და ‘წიქარამ’ 2-კაციანი უპირატესობით იქვე ისარგებლა - ხაზი ჯიუტასა ნავემ გაჭრა და მისი ლელო ასათიანმა გარდასახა. ხელაძემ მალევე ჯარიმით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, მე-60-ე წუთზე კი ‘გორი’ ყვითელი ბარათით (ნიკა ბიწაძე) ერთხელაც დაისაჯა.
ამჯერად’წიქარამ’ რიცხობრივი უპირატესობა კარგად გამოიყენა. ხუციშვილმა ლელოთი ხელდახელ შეტევა დააგვირგვინა, 65-ე წუთზე კი ჯიუტასა ნავეს შესანიშნავი თამაშის შემდეგ ლელო ლისალა ნასენგემ გაიტანა და სოსო მათიაშვილმა გარდასახა. 71-ე წუთზე ნავემ თავისი წილი ლელო მიითვალა და ‘წიქარა’ ბონუს-ქულას დაუახლოვა, თუმცა შეხვედრის მიწურულს ‘გორმა’ დიმიტრი ხურცილავას ლელოთი უპასუხა და თამაში 40:29 დასრულდა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი გოგოლაძე გახდა.
RUGBY.GE









